მოხარული ვარ, რომ საქართველოს ელჩების კონფერენციის ფარგლებში მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ განვლილი პოლიტიკური წლის შეჯამებით, მიმდინარე საერთაშორისო რეალობის შეფასებით და სამომავლო ხედვით, – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უკვე შემდგარი ფაქტია, რომ საქართველომ 2025 წლის განმავლობაში გაუძლო უპრეცედენტო საგარეო ზეწოლასა და წნეხს.
მისი თქმით, დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს გარშემო განვითარებული მოვლენები არა შიდა პროცესების შედეგი, არამედ რეგიონული და გლობალური დაპირისპირების პროექცია იყო.
„გლობალური ცვლილებებით, დრამატიზმითა და წინააღმდეგობებით აღსავსე განვლილ წელს მომხდარი დიდი მოვლენებიდან აქცენტს გავაკეთებ ორ საკითხზე. პირველი – შემდგარი ფაქტია, რომ საქართველომ 2025 წლის განმავლობაში გაუძლო უპრეცედენტო საგარეო ზეწოლასა და წნეხს, რომლის მიზანი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, შიდა პოლიტიკური პროცესების ხელოვნური შეცვლა და საზოგადოების განწყობების აქტიური მანიპულაცია იყო. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს გარშემო განვითარებული მოვლენები არა შიდა პროცესების შედეგი, არამედ რეგიონული და გლობალური დაპირისპირების პროექციაა – უკრაინაში მიმდინარე ომის მეოთხე წლისა და ზესახელმწიფოთა ღია კონკურენციის პირობებში. მეორე – ეს არის წლის ბოლოს, საერთაშორისო ურთიერთობების გამოკვეთილი სურათი, სახელმწიფოების პოზიციები და მათ შორის ჩამოყალიბებული ახალი პარიტეტი. დღეს უკვე აღარ წარმოადგენს დავის საგანს არაერთი დებულება, რომელიც გასული ოთხი წლის განმავლობაში განსხვავებული ინტერპრეტაციების საგანი იყო. უპირველეს ყოვლისა, ნათელია, რომ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოშლილია. უნიპოლარული მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს. ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობების ეპოქა დასრულებულია. სახელმწიფოები გამალებით ეძებენ ძალთა ახალი ბალანსის ფორმულას. ამ პროცესში თითოეული მოთამაშე ცდილობს საკუთარი ინტერესების მაქსიმალურ დაცვას და ხელსაყრელი პოზიციების შენარჩუნებას. ამ ვითარებაში, ეროვნული ინტერესი აღარ არის თეორიული ცნება. ის სახელმწიფოთა პოლიტიკის განმსაზღვრელ, გადამწყვეტ კატეგორიად იქცა. სწორედ ეროვნული ინტერესის პრიზმიდან იღებენ სახელმწიფოები გადაწყვეტილებებს, აყალიბებენ ალიანსებს, მოიპოვებენ გავლენებს. აღარ არსებობს ისტორიის ნათელი და ბნელი მხარე, გეოპოლიტიკური კეთილისა და ბოროტის მარტივი დაპირისპირება, ერთი ცივილიზაციის მეორეზე ჰეგემონია. სანაცვლოდ, არსებობს გლობალური დაპირისპირება, კონკურენტი ზესახელმწიფოები და დომინირების სურვილი. იკვეთება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები, სადაც არც ერთ მოთამაშეს არ აქვს აბსოლუტური მორალური მონოპოლია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო გუშინ, ხოლო დღევანდელი რეალობა აღარ იძლევა მომავლის მარტივი პროგნოზირების შესაძლებლობას.
„ამავე რეალობაში, ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტობრივად უარს ამბობს „მსოფლიო პოლიციელის“ როლზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გლობალური წესრიგის ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. ახალი ამერიკული დოქტრინები ნათლად აცხადებს: დასრულდა ეპოქა, როდესაც აშშ საკუთარ რესურსებს ხარჯავდა სხვა ქვეყნებისთვის ცივილიზაციური მოდელების თავს მოსახვევად. ამერიკული პოლიტიკის ერთადერთი აბსოლუტური პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესია. ევროპა და ევროკავშირი ამ პროცესში სტრატეგიული გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდა. ისინი ეძებენ საკუთარი პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მდგრადობის ახალ მოდელებს და უკვე აცნობიერებენ – ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო გუშინ, ხოლო დღევანდელი რეალობა აღარ იძლევა მომავლის მარტივი პროგნოზირების შესაძლებლობას. სწორედ ამ ფონზე ხდება ცხადი საქართველოს პოლიტიკის არსი. ნათლად ჩანს, თუ სინამდვილეში, რამხელა წნეხს გაუძლო საქართველომ, რომელსაც ცეცხლის ხაზზე დგომის პირობებში, აიძულებდნენ, აქტიური როლი ეთამაშა განწირულ და წაგებულ სცენარში. პროცესში, რომელიც აქ აღწერილი მოცემულობით დასრულდებოდა. ჩვენ ამ წნეხს გავუძელით. გავუძელით ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და მოწონებით. საქართველოს მიერ არჩეული მშვიდობის პოლიტიკა არ იყო სისუსტე და არც კონიუნქტურული გადაწყვეტილება. ეს იყო გააზრებული, პასუხისმგებლიანი და სახელმწიფოებრივი არჩევანი, რომელმაც ქვეყანა ყველაზე სახიფათო ეტაპზე გადაარჩინა. ეს დოქტრინა იყო და რჩება ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკის საყრდენად. სწორედ მშვიდობის ეს დოქტრინა იქნება ჩვენი გზამკვლევი 2026 წელსაც, მიუხედავად რადიკალების შეურაცხმყოფელი შეფასებებისა, პოლიტიკური შტამპებისა და იარლიყების მცდელობისა. აშკარაა, რომ უამრავი დიდი ძვრა ჯერ კიდევ წინ გველოდება. ჩვენ გვსურს, დასრულდეს ომი უკრაინაში. ჩვენ გვსურს, გადარჩეს უკრაინის სახელმწიფო. ჩვენ გვსურს დაისადგუროს მტკიცე მშვიდობამ. თუმცა, ჩვენ არ ვიცით როდის, რა ფორმით და რა გეოპოლიტიკური შეთანხმებით დასრულდება ეს ომი. ჩვენ არ ვიცით როგორი ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში და ძალთა როგორი ბალანსი დაისადგურებს. ერთადერთი, რაც უტყუარად ვიცით, არის ის, რომ არ გაგვაჩნია არავითარი სხვა სამშობლო საქართველოს გარდა, საქართველოზე მეტი. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევისთვის, ზეწოლისა და წინააღმდეგობისთვის. „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ – ეს არის ჩვენი მთავარი სტრატეგია, სიბრძნე და ცოდნა, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ნებისმიერი ტაქტიკური თუ ოპერატიული გადაწყვეტილება. საქართველოს ხელისუფლება ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის ყველასთან, ვინც პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს. ზეწოლა, შანტაჟი და პოლიტიკური მორალიზმი დიალოგის შემცვლელი ვერ იქნება. საქართველოს სუვერენიტეტი არ არის მხოლოდ პოლიტიკური სტატუსი – ის ჩვენი ეროვნული იდენტობის ფუნდამენტია. სუვერენიტეტის დაცვა არ ნიშნავს იზოლაციას. ის გულისხმობს თანასწორობაზე, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. საერთაშორისო თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ არის მდგრადი, როდესაც ის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ხალხის ნებას ეფუძნება. საქართველო მზად არის, ამ პრინციპების საფუძველზე გააღრმავოს ურთიერთობები ნებისმიერ ქვეყანასთან თუ ორგანიზაციასთან. ამ რთულ და გადამწყვეტ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ელჩებს, მათ, ვინც სახელმწიფოს სახეს წარმოადგენს და ეროვნული ინტერესების დაცვის პირველ ხაზზე დგას. პატივცემულო ელჩებო, მადლობას გიხდით თქვენი პატრიოტიზმის, პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომისა და ერთგულებისთვის. გისურვებთ წარმატებას საქართველოს სამსახურში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.