თვალთმაქცობაა, თითქოს სხვადასხვა პარტიები არიან. სინამდვილეში, ეს არის ერთი დედა პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შვილები არიან პატარ-პატარა პარტიები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„დღეს ოპოზიციური ფლანგი „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ტრიალებს. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ ყოველთვის, როდესაც ვამბობთ, რომ თვალთმაქცობაა, თითქოს სხვადასხვა პარტიები არიან. სინამდვილეში, ეს არის ერთი დედა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შვილები არიან პატარ-პატარა პარტიები, მათ შორის ესეც გახლავთ გარედან დადგმული ერთ-ერთი სცენარი, გაყოფით და განაწილებით შექმნან იმის აღქმა, თითქოს ოპოზიციაში რაღაც ალტერნატივები არსებობს. სინამდვილეში, არის ერთი დედა პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას ან ე.წ. აქტივისტებს კვებავს. ამიტომაც არის, რომ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურობის გამოცხადების სარჩელით. ფაქტია, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, ეს არის ესკალაციის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის და საქართველოს სუვერენიტეტის უცხოსთვის ჩაბარების ინსტრუმენტი, რომელსაც დემოკრატიულ სისტემაში ადგილი არ აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.