„ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხარო წარსულია, რომელსაც ვერავინ და ვერასდროს დააბრუნებს აწმყოში. საგამოძიებო კომისიაში ის ადამიანები დავიბარეთ, რომლებმაც „ნაცმოძრაობის მიერ“ თავსდატეხილი სამწუხარო წარსული გაიხსენეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, რათა სამართლებრივადაც აღარ არსებობდეს რისკი იმ რეჟიმის გამეორების, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა. დიდი ალბათობით, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთდება. საჯარო მტკიცებულებები არსებობს, რომ ასეთი ტიპის პირდაპირი ფაშისტური „პოლიტიკური ორგანიზაცია“ არ უნდა არსებობდეს. ახლა სამწუხარო წარსულმა რაც არ უნდა იფართხალოს, მხოლოდ მცდელობებია და მეტი არაფერი. „ნაციონალური მოძრაობა“ აკრძალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა ქმედებებმა, მისმა დანაშაულებმა და არა – ჩვენ. საკუთარი თავი თავად აიკრძალეს. არჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობა და რატომ უნდა არსებობდეს პოლიტიკური პარტია, თუ არჩევნებში არ მონაწილეობს? დამხობაში მონაწილეობა მიიღეს, რასაც მისი მხარდამჭერებიც არ უჭერდნენ მხარს. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მათ აკრძალავს. ჩვენ ფორმალურად იმას ავასრულებთ, რაც ამ პარტიამ საკუთარ თავს გაუკეთა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.