სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს სრული ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს თავდასხმას სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე, – ამის საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ საქმესთან „ცაავა და სხვების საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადა.
სალიას თქმით, ამ გადაწყვეტილებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა.
„სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ გარკვეული ხარვეზები არსებობდა გამოძიების მიმდინარეობისას. მართალია, პროკურატურამ მყისიერად დაიწყო გამოძიება, თუმცა თავად სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში გამოიკვეთა დარღვევები, რაც გულისხმობდა, რომ არ იქნა სათანადოდ შესწავლილი შსს-ს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა და ასევე, რამდენად ადეკვატური და პროპორციული ძალა გამოიყენეს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების მიმართ. ამ ნაწილში სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ გარკვეულ შემთხვევებში აქციის დაშლისას ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას. თუმცა ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა სასამართლოსთან ამ გარემოებების დადგენის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, თავად საქართველოს პროკურატურამაც ჯერ კიდევ 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ სწორედ ამ მიმართულებით გაააქტიურა გამოძიება და გამოკვეთა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა, რისი შედეგიც იყო უკვე 2025 წლის 12 ნოემბერს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა სწორედ ის გარემოებები, რაზეც უკვე ჩვენმა პროკურატურამ იმუშავა. სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოკვეთილი გარემოებები გათვალისწინებული იქნება მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც. ამით, ვფიქრობ, წერტილი დაესვა იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც იმას ეხებოდა, თითქოს გიორგი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან. მგონი, ამ საკითხზე არანაირი კითხვები აღარ უნდა არსებობდეს“, – აღნიშნა სალიამ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით პოლიციის მიერ პარლამენტის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლას ეხება. 24 მომჩივანის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევა (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა/ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობა). 14 მომჩივანთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (გამოხატვის თავისუფლება). ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ 11 მომჩივანის მიმართ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება).
ცნობისთვის, საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ საქართველოს პროკურატურამ ორ საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.