პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპა შეერთებული შტატების მოკავშირეა და არა მტერი და ამერიკელებს ამ პრინციპის დაცვისკენ მოუწოდა.
„ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა. ჩვენ საერთო მტრები გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში ასე იყო. ჩვენ ამას უნდა მივყვეთ, ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი გონივრული სტრატეგიაა. თუ, რა თქმა უნდა, არაფერი შეცვლილა“, - დაწერა მან X-ზე.
მან არ დააკონკრეტა, თუ რატომ გამოაქვეყნა აღნიშნული პოსტი, თუმცა ეს მოხდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებული სტრატეგიის განხილვის ფონზე, რომელიც ამ კვირაში წარადგინეს.
შეერთებულმა შტატებმა გუშინ გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში აშშ-ის ფართო პოლიტიკის პრიორიტეტები უნდა იყოს.
„ევროპაში სტაბილურობის პირობების და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენა; ევროპისთვის ფეხზე დგომის და შეთანხმებული სუვერენული ერების ჯგუფის სახით ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათ შორის საკუთარ თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობის აღებით, რომელიმე მოწინააღმდეგე ძალის დომინირების გარეშე; ევროპის ქვეყნებში ევროპის ამჟამინდელი ტრაექტორიის მიმართ წინააღმდეგობის გაღვივება; ევროპული ბაზრების გახსნა აშშ-ის საქონლისა და მომსახურებისთვის და აშშ-ის მუშახელისა და ბიზნესისადმი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფა; ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში ჯანსაღი ქვეყნების გაძლიერება კომერციული კავშირების, იარაღის გაყიდვის, პოლიტიკური თანამშრომლობისა და კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გზებით; ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის შეწყვეტა და ამ რეალობის აღკვეთა; ევროპის წახალისება, რომ მიიღოს ზომები მერკანტილური ჭარბი საწარმო სიმძლავრის, ტექნოლოგიური ქურდობის, კიბერჯაშუშობის და სხვა მტრული ეკონომიკური პრაქტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ქრისტოფერ ლანდაუმ განაცხადა, რომ აშშ, დიდი ხანია, ვერ ახერხებს ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებში აშკარა შეუსაბამობის მოგვარებას.
„ეს თითქმის ერთი და იგივე ქვეყნებია ორივე ორგანიზაციაში, როდესაც ეს ქვეყნები ნატო-ს ქუდებს ატარებენ, ისინი ამტკიცებენ, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ჩვენი ურთიერთუსაფრთხოების ქვაკუთხედია, მაგრამ როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირის ქუდებს ატარებენ, ისინი ყველანაირ დღის წესრიგს მისდევენ, რომელიც ხშირად სრულიად ეწინააღმდეგება აშშ-ის ინტერესებსა და უსაფრთხოებას, მათ შორის, ცენზურა, ეკონომიკური თვითმკვლელობა/კლიმატური ფანატიზმი, ღია საზღვრები, ეროვნული სუვერენიტეტის/მრავალმხრივი მმართველობისა და დაბეგვრის ხელშეწყობის ზიზღი, კომუნისტური კუბის მხარდაჭერა და ა.შ. ეს შეუსაბამობა, არ შეიძლება, გაგრძელდეს. ევროპის დიდი ერები ან ჩვენი პარტნიორები არიან იმ დასავლური ცივილიზაციის დაცვაში, რომელიც მათგან მემკვიდრეობით მივიღეთ, ან არა. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ პარტნიორები მაშინ, როცა ეს ერები ევროკავშირის არაარჩევით, არადემოკრატიულ და არაწარმომადგენლობით ბიუროკრატიას ბრიუსელში ცივილიზაციური თვითმკვლელობის პოლიტიკის გატარების საშუალებას აძლევენ”, – განაცხადა ქრისტოფერ ლანდაუმ.