აშშ-ის ჰელსინკის კომისია BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმიანება. ჰელსინკის კომისიამ განცხადება გამოაქვეყნა იმ "სანდო მტკიცებულებების საპასუხოდ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა."
განცახდების ავტორები აშშ-ის ხელისუფლებას და მოკავშირეებს მოუწოდებენ, გადაამოწმონ ცნობები და დაუწესონ შესაბამისი სანქციები პასუხისმგებელ პირებს.
"ბოლოდროინდელი ცნობები იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ღრმად შემაშფოთებელია. ამ ქიმიურმა თავდასხმებმა მსხვერპლს დამწვრობა და ჯანმრთელობის ხანგრძლივი გართულებები მიაყენა. ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა შესახებ იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელთა შესრულებაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება. ასეთი ქცევა ქართულ ოცნებას რუსეთისა და ჩინეთის კორუმპირებულ მმართველებთან ალიანსში აყენებს, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფერზე დაიხევენ უკან.
მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობასა და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და შესაბამისი სანქციები დააწესონ პასუხისმგებელ პირებზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს კონგრესში, მიიღონ MEGOBARI აქტი, ორპარტიული კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს მისცემს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად," - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორები არიან: ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი როჯერ უიკერი, თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი და წევრები სენატორი შელდონ უაითჰაუსი და სტივ კოენი.