საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში ჩართული არიან ბრიუსელი, ევროკომისიის პრესსპიკერი, ზოგიერთი ელჩი, უცხოელი პოლიტიკოსები, ევროპარლამენტარები და გარედან დაქირავებული „ენჯეოები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირველი, ჩვენ შეგვიძლია, დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს არის ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებენ ის მოლაპარაკე თავები, რომლებიც გამოაჩინეს კიდევ ერთხელ, ნაფტალინიდან ამოიღეს, მათ შორის, თუ არ ვცდები ბროუდერია გვარად, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე საუბრობდა. იმის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით ხმა არ ამოუღია, რატომღაც უცებ გამოცოცხლდა და ამ თემით დაინტერესდა. ეს ხომ აჩვენებს, რომ ჩვეულებრივად პროპაგანდისტები გამოიყვანეს, რათა ეს თემა რამენაირად შეეფუთათ. ეს არის აშკარად პროპაგანდისტული, ცრუ ნარატივის გაგრძელება, რაც, თავის მხრივ, არის ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ამაში ჩართული არიან ბრიუსელი, ასევე ევროკომისიის პრესსპიკერი, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებული მტრული რიტორიკით გამოირჩევა. ვნახეთ მისი განცხადება. მან უაპელაციოდ დაიწყო საუბარი, რომ მოლოდინები აქვს საქართველოსა და გამოძიების მიმართ. ჩვენ ევროკომისიის პრესსპიკერის მოლოდინების დასაკმაყოფილებლად არ აგვირჩია ქართველმა ხალხმა, ჩვენ ქართველ ხალხს ვემსახურებით და, მგონი, ცოტა ზედმეტი მოსდის მას. ვნახეთ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ „კამიტზე“. მივყვეთ ფაქტებს, პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებზე რომ იყო საუბარი. „კამიტი“ აიტაცა პრესსპიკერმა, აიტაცეს ევროპარლამენტარებმა, სხვა პარლამენტის წარმომადგენლებმა და, ფაქტობრივად, საქართველოს დაასიეს საკუთარი დაქირავებული „ენჯეოები“, რომლებიც, როგორც კი მიიღებენ მესიჯს ტელეფონში, გამოვარდით და პირდაპირ რაღაც თემა აწიეთო, ზუსტად ისე იქცევიან. გავიდა რამდენიმე დღე და დადასტურდა, რომ ტყუილი იყო „კამიტთან“ დაკავშირებით.
ახლა მაინტერესებს, ევროკომისიის პრესსპიკერი, ევროპარლამენტარები, გარედან დაქირავებული „ენჯეოები“, რომლებიც ჭინკებივით დაასიეს ქვეყანას, აპირებენ თუ არა ბოდიშის მოხდას? მოიხადონ ბოდიში ბრიუსელმა და მისმა დაქირავებულმა „ენჯეოებმაც“. იგივე ხალხი, ვინც მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ მოწამვლებზე საუბრობდა, დღესაც ამ ქიმიას რატომღაც არ ეშვებიან ქიმიის მცოდნეებივით. ეს ის ხალხია, ის ელჩები და ბრიუსელები არიან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილს რაღაც ტყვიის შემცველობა თუ მოწამვლა, დემენცია ჰქონდა, ტყუილები ილაპარაკეს. მათ შორის ევროკავშირის ელჩი ყალბი დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან და ზუსტად ამ ყალბი საფუძვლებით ითხოვდა მიხეილ სააკაშვილის გაყვანას სხვაგან. სინამდვილეში, ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ჩაიშალა მაშინდელი ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ჩართული იყვნენ ზოგიერთი ელჩი და უცხოელი პოლიტიკოსი. ბოდიშიც არავის მოუხდია. გახსოვთ, რადიაციული დასხივებებიო და ა.შ. მეცნიერებისკენ რატომ მიდიან, სადაც იციან, რომ მარცხდებიან, არ ვიცი. ახლაც ვხედავთ ზუსტად იმავე სახეებს, ჭინკებად დაქირავებულ „ენჯეოებს“, როგორ არიან ჩართული საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში. ორ დღეში ყველაფერი მხილებულ იქნა, რომ იყო ტყუილი, რომ არანაირი პირველი მსოფლიო ომის ქიმია არც არავის გამოუყენებია, არც შეუძენია და, როგორც ჩანს, საქართველოს ტერიტორიაზე არც ყოფილა ასეთი სახის ნივთიერება. გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ ბრიუსელის ყველა წარმომადგენელმა და მისმა დაქირავებულმა „ენჯეოებმა““, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.