სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ BBC-ის ფილმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ექიმი დავით ჩახუნაშვილი გამოიკითხა.
ჩახუნაშვილის თქმით, გამომძიებლებმა ექიმების ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები. მისივე თქმით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ კვლევა წაკითხული არ ჰქონდათ.
„აინტერესებდათ თუ სად ვსწავლობდი, როგორია ჩემი სამეცნიერო ხარისხი და სად მაქვს კვლევები გამოქვეყნებული. მეორე საკითხი შეეხებოდა [ექიმების ჯგუფის მიერ მომზადებულ] კვლევას, დაინტერესდნენ კვლევის მეთოდოლოგიაზე, შინაარსსა და დასკვნაზე.
დეტალებში ავუხსენი მოსამართლეს, თუ რა იყო კვლევის მიზანი, როგორი იყო მეთოდოლოგია და დასკვნა, უბრალოდ გამოძიების მხარეს ისევ ჰქონდა კითხვები, თუ რა იყო დასკვნა, როდესაც ამაზე პასუხი გაცემული მქონდა. როგორც ჩანს ვერ მიხვდნენ, არ იყვნენ კვლევის მეთოდოლოგიებში კარგად გაცნობიერებულები და გარკვეულნი. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კვლევა წაკითხული არ ჰქონდათ. ასევე, დაინტერესდნენ ფიგურირებდა თუ არა „კამიტი“ ჩვენს სტატიაში. ჩვენ კვლევაში ამაზე საუბარი არ ყოფილა", - თქვა დავით ჩახუნაშვილმა.
მისი თქმით, დაბარების მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ჰქონდეთ მცდელობა, მომავალში რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე ფსიქოლოგიური თუ სხვანაირი ზემოქმედება მოხდეს
"შეიძლება აღარ მოუნდეს ადამიანს კვლევის ჩატარება, შეიძლება ვინმეს აღარ მოუნდეს უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამოღება და ასე შემდეგ. დაკავების მოლოდინი, არ ვიცი, უნდა მქონდეს თუ არა. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი რამის მოლოდინი უნდა ჰქონდეს. ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მომავალში ადამიანებს კვლევის ჩატარება აღარ მოუნდეთ, ან უსამართლობის წინააღმდეგ ხმა არ ამოიღონ“, – თქვა დავით ჩახუნაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკვე გამოიკითხა დავით ჩახუნაშვილის ძმა, კოტე ჩახუნაშვილი.
ამასთან. სუს-მა დაიბარა ჩახუნაშვილების მამა, აკადემიკოსი გოგი ჩახუნაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური, და კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც BBC-ის სიუჟეტში ფიგურირებენ.
BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად, სავარაუდოდ, ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.
აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. გამოკითხვაზე ხდება იმ პირების დაბარება, რომლებიც BBC-ს რესპონდენტები იყვნენ.