საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს კახეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ვ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
სამართალდამცველებმა ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 7 საბრძოლო ვაზნა და მჭიდი ნივთმტკიცება ამოიღეს.
პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებას, ასევე, ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.