აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა არ არის. ამის შესახებ Sky News ორ ამერიკელ სენატორზე დაყრდნობით იუწყება.
კანადაში გამართულ საერთაშორისო უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, მენის შტატიდან დამოუკიდებელმა სენატორმა ანგუს კინგმა და ნიუ ჰემფშირის შტატიდან დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნული გეგმა გააკრიტიკეს.
მათი განცხადებით, ისინი სხვა სენატორებთან ერთად მარკო რუბიოს ესაუბრნენ.
კინგის თქმით, რუბიომ მათ უთხრა, რომ გეგმა „ადმინისტრაციის გეგმა არ იყო“, არამედ ეს უყო „რუსეთის სურვილების სია“.
თავის მხრივ, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ეს „რუსული წინადადება“ იყო.
„მასში იმდენი რამ არის სრულიად მიუღებელი“, - დასძინა მან.
მსგავსი განცხადება გააკეთა რესპუბლიკელმა სენატორმა მაიკ რაუნდსმა.
„ეს ჩვენი სამშვიდობო გეგმა არ არის. ეს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი ამ გეგმის ამჟამინდელი სახით გამოქვეყნებაზე, მათ სურთ მისი გამოყენება საწყის წერტილად,“ - აღნიშნა რაუნდსმა.