აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაგმო უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებული კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ალიევმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ მსგავსი თავდასხმები მიუღებელია საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მიხედვით.
14 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად „ისკანდერის“ ტიპის ერთ-ერთი რაკეტა აზერბაიჯანის საელჩოს ტერიტორიაზე დაეცა.
აფეთქების შედეგად საელჩოს ტერიტორიის ღობის ნაწილი მთლიანად განადგურდა, დაზიანდა ნაგებობები, სამსახურებრივი მანქანები, საელჩოს ადმინისტრაციული შენობა და საკონსულო განყოფილება, ასევე სერიოზულად დაზიანდა დიპლომატიური მისიის ტერიტორია.