რეალურად ჩვენ გვეუბნებიან, რომ როდესაც ახლა, ცოტა ხანში, გამოვალთ ციხიდან, ქვეყანა უნდა დავტოვოთ, თუ არ გვინდა, დიდი ხნით აქ მოხვედრა, რისი გემოც გაგვასინჯეს. ან წავალთ აქედან, ან 7-იდან 15-წლამდე ციხეში. ესაა გზავნილი, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ჯაფარიძე წერილში აღნიშნავს, ის ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს და საზოგადოებას რუსთაველზე გასვლისკენ მოუწოდებს.
„2025 წლის 7 ნოემბერია აქ, 17:30, ბადრაგი აღებს საკნის კარის სარკმელს და მეკითხება, წავალ თუ არა ჩემს სასამართლო პროცესზე, რომელიც 19:00 საათზეა თურმე ჩანიშნული.
წამით ვფიქრობ, სხვებიც თუ იქნებიან, ხომ არ წავიდე, ერთად მაინც ვიქნებით, გავერთობით სასამართლოს “აბეზიანნიკში”, მაგრამ გონებაში გავდივარ პოტენციური გამომსვლელების სიას, ვხვდები, რომ არცერთი ახლა იქ წამსვლელი არაა და ბადრაგს უარით ვუშვებ.
ასე მომილოცეს "დიდი ოქტომბრის რევოლუციის" 108 წლისთავი. ბავშვობაში ამას ბრეჟნევი აკეთებდა. ბრეჟნევს ბადრაგი სჯობს.
ჩანაწერები, რომლებსაც ქართულენოვანი რუსული არხები ატრიალებენ, ფარული რომ არ არის, ნებისმიერი მიხვდება, სრულიად უგონო ადამიანის გარდა.
დედაენის ბაღში ხდება ამბავი. ხელში მეგაფონი მიჭირავს, რომ ხალხს კარგად გავაგონო და როცა ეგეც არ მეყო, "დროასგან" ბორბალ მოტეხილი დინამიკი ვითხოვეთ მიკროფონით. "ფარულობა" მეტი სიმძაფრისთვის სჭირდებათ. ვითომ იმუშავეს, გამოავლინეს, მიაგნეს.
მაგრამ მაგ ჩანაწერებთან მიმართებაში "ფარულობა" არ არის მთავარი. ეგ ჩანაწერები გაკეთებულია 2021 ან 2022 წლებში, როცა მე და „ლაკას“ [ელენე ხოშტარია] უარი გვაქვს ნათქვამი საპარლამენტო მანდატებზე, სარჩელი გვაქვს შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში, მანდ ვაპროტესტებთ 2020 წლის გაყალბებულ არჩევნებს და ვმსჯელობთ, ეგ პროტესტი როგორ გავხადოთ უფრო მრავალრიცხოვანი.
2024 წლის არჩევნები ჯერ მომხდარიც კი არ არის. შესაბამისად, რასაც არ უნდა ვამბობდეთ მანდ (ყველა სიტყვას ხელს ვაწერ) მე და ლაკა, ეგ ვერანაირად ვერ იქნება კავშირში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის ამბებთან.
ეს უბრალოდ ინფორმაციისთვის, თორემ მიაბან, არც ეგაა პრობლემა.
ლაკას რას ტენიან ჩემგან და გიორგისგან განსხვავებულს, ზუსტად ვერ გავიგე ამ ბრალის დადგენილებიდან, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ნალაპარაკებია რამე თუ ნამოქმედარი, მეც ვაწერ ყველაფერზე ხელს.
ერთადერთი, რაც ცოტა დამაბნეველია - მილიონები დახარჯეს იმაში, რომ ხალხისთვის დაეჯერებინათ, ლაკა კრემლიდან ფინანსდებაო და ახლა უნდა ამტკიცონ, რომ უკრაინის აგენტია. სულ ვფიქრობდი, რომ რაღაცით მატა ჰარის ჰგავდა.
ჩვენთვის წაყენებული ეს ბრალი შეიძლება იყოს კავშირში ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან. ალბათ ასეცაა. თუმცა სხვა მიზანიც აქვს. რეალურად ჩვენ გვეუბნებიან, რომ როდესაც ახლა, ცოტა ხანში გამოვალთ ციხიდან, ქვეყანა უნდა დავტოვოთ, თუ არ გვინდა, დიდი ხნით აქ მოხვედრა, რისი გემოც გაგვასინჯეს. ან წავალთ აქედან ან 7-იდან 15-წლამდე ციხეში. ესაა გზავნილი.
მე არ მგონია დასაძრახი, რომ ადამიანი გაექცეს დიქტატორულ რეჟიმს, რომელიც მას სიცოცხლის ან სიცოცხლის ნაწილის წართმევას უპირებს, მნიშვნელობა არ აქვს არც იმას, რამდენია ეს სიცოცხლის ნაწილი, 1 დღე თუ 15 წელი.
ყველას ერთი ცალი სიცოცხლე გვაქვს და მე არასდროს მჯეროდა, რომ რაიმე თანდაყოლილი ვალდებულება მოგვყვება, ეს სიცოცხლე ისე გავხარჯოთ, როგორც ჩვენ არ გვსურს. ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ თავისუფალი არ ხარ. ანუ ადამიანი არ ხარ.
ერთადერთი, რაც მაღიზიანებს ხოლმე არის, როცა დიქტატურას ან დიქტატურის შედეგად შექმნილ უპერსპექტივობას გაქცეული ადამიანი:
ა) აქ დარჩენილებს ასწავლის როგორ უნდა დიქტატურასთან ბრძოლა.
ბ) ამტკიცებს, რომ ის იქ უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე თუნდაც რუსთაველის ერთი რიგითი დემონსტრანტი.
ერთი სიცოცხლე მაქვს მეც და ამ სიცოცხლეში "პოლიტიკოსზე" არანაკლებ მნიშვნელოვანი როლები მაქვს ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კრუზოსავით კუნძულზე არ ცხოვრობს.
ძმა, ქმარი, მამა, მეგობარი, მასწავლებელი.
თითქმის ნახევარი ჩემი ცხოვრება დავხარჯე იმაში, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, ვსწავლობდი და გარშემო ყველგან ვასწავლიდი - როგორია ადამიანების სამყარო და როგორი წესებით უნდა მოვაწყოთ ის, რომ ყოველ შემდეგ თაობას უკეთესი დავახვედროთ. ჩემს ხელში გაუვლია ასობით ახალგაზრდას.
განსხვავებით უბრალო პროფესორისგან, მე ვცხოვრობ იმას, რასაც ვასწავლი.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, გვერდიდან როგორ ჩანს, სიმართლე იმაშია, რომ ახლა არჩევანი არ მაქვს გასაკეთებელი, რადგან არჩევანი არ მაქვს. ეს არჩევანი მე დიდი ხნის წინ გავაკეთე. ციხე თუ ქვეყნიდან წასვლა - ჩემთვის ყველაფერი იმის გამოცდაა, რისიც მწამს.
დიდი უსამართლობა ამ ამბავში ისაა, რომ არჩევანი არ აქვს არც ნატას, არ აქვთ არც ჩემს შვილებს, ჩემს ძმას, ბიძაჩემს, მეგობრებს. ყველა ჩემთვის საყვარელ ადამიანს მოუწევს ისევ გააგრძელოს ცხოვრება იმ არჩევანში, რომელიც მე ოდესღაც გავაკეთე. ეს რომ ასეა, ყველაზე უკეთ იცის იმან, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდება - ნატამ.
ბევრჯერ მიფიქრია, რომ ოდესმე ნატასთან ერთად გავაკეთებდი სიებს ჩვენი საყვარელი ტრეკების/მუსიკის, წიგნების და ფილმების - ჩვენი შვილებისთვის.
არ ვიცი, რატომ გინდა ადამიანს, რომ შენმა შვილებმა იმავეს მოუსმინონ, იმავეს უყურონ, იგივე წაიკითხონ, რაც შენ მოგწონს. ალბათ, ქვეცნობიერად ფიქრობ, რომ თუ იგივე სამყაროებს ეზიარება, შენნაირი გახდება. არის ამაში რაღაც ეგოისტური.
არასოდეს მახასიათებდა ე.წ ნივთებთან მიჯაჭვულობა. იშვიათად, რომ რამე შევინახო დიდი ხნით. ნაჩუქარი თუ არ არის, ნებისმიერი რამე შემიძლია გავაჩუქო დაუფიქრებლად. “..დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, დოკუმენტის N D20007853123KN “ არის, რასაც არასოდეს გავაჩუქებ და შევუნახავ შვილებს.
შემიძლია ვურჩიო შვილებს - წაიკითხონ სახარება, რომ გაიგონ სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანების სისასტიკე ყველაზე კეთილ ადამიანთან მიმართებაშიც კი.
ვურჩიო - წაიკითხონ კაფკა, რომ გაიგონ, როგორი შეიძლება იყოს უსულო და უგონო ადამიანების მიერ შექმნილი აბსურდული სამყარო.
ვურჩიო - უყურონ ჩაპლინს, რომ ნახონ, რამდენად სასაცილო შეიძლება იყოს ბოროტება.
ვურჩიო - წაიკითხონ შალამოვი, ბუკოვსკი, რომ გაიგონ რა იყო საბჭოთა კავშირი.
ან, შემიძლია ვურჩიო - ყურადღებით წაიკითხონ ჩემი ბრალის დადგენილება. ძალიან მინდა ოდესმე ჩემმა შვილებმა ისევე იცინონ ამ დოკუმენტზე, როგორც მე ვიცინი ახლა. ეგ სიცილი იქნება ყველაფრის კომპენსირება, ყველაფრის - რასაც გადის ჩემი ოჯახი ეს წლებია.
ყოველდღიურად მიდის საუბარი იმაზე, ნეტა რა მდგომარეობაშია რეჟიმი. უჭირს თუ მყარადაა.
კარგად რომ იყოს, ანუ რომ იცოდეს, რომ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, ამდენ სიგიჟეებს არ იზამდა.
მაგრამ 10 წელი რომ ვერ ბედავ სალაპარაკოდ დაუჯდე ადამიანებს და ბოლოს იგივე ადამიანებს 7-15 წლიანი ციხით ემუქრები მხოლოდ ლაპარაკის გამო, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ დაქირავებული ფიზიკური ძალაღა შერჩათ.
არსად წასვლას, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ. მე დავრჩები ჩემს ქვეყანაში, რომლის ღალატსაც მაბრალებენ თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთი აბსურდის სურათი დავხატო - როგორ არ გარბის მოღალატე, როცა ამის შანსი აქვს.
მადლობა ყველას, ვინც მეხმიანება, მაგრამ მართლა არ მჭირდება გამხნევება. იქეთ გავამხნევებ ბევრს.
გადით რუსთაველზე.
როცა დაიღლებით, როცა მოგბეზრდებათ, როცა დეპრესია შემოგიტევთ, მაშინ ადექით და გადით რუსთაველზე.
ნუ უყურებთ ამას როგორც საქმეს, როგორც ვალდებულებას. გაერთეთ ამით, იკაიფეთ. შეხედეთ რუკას, ნახეთ ვინ გებრძვით და ვერ გაჩერებთ. როგორ შეიძლება ამით ვერ იკაიფოთ?
შეხედეთ, რა დღეში არიან. ყველაფერი აქვთ - თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება, ფული, დაქირავებული კუნთები და რას დაემსგავსნენ? პირბადეებს დასდევენ. მეტყველების უნარზე უარი თქვეს. ყოველ დღე უფრო სასაცილოები ხდებიან.
ნუ ბრაზდებით ამაზე. იცინეთ, გაერთეთ, იკაიფეთ. მონსტრი აქციეთ კლოუნად. ასე იწყება ჩამოშლა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.