უნგრეთის თუ უნგრეთის გარეშე ოპოზიციისთვის დემოკრატიას ფასი რომ არ აქვს, საზოგადოებამ არაერთხელ ნახა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არაერთი შესაძლებლობა ჰქონდათ, არჩევნების გზით გამოეჩინათ საკუთარი პოლიტიკური სიმწიფე და პოლიტიკური კულტურა.
„უნგრეთის თუ უნგრეთის გარეშე, მათთვის რომ დემოკრატიას ფასი არ აქვს, არაერთხელ ნახა საზოგადოებამ. არაერთი შესაძლებლობა ჰქონდათ, არჩევნების გზით გამოეჩინათ საკუთარი პოლიტიკური სიმწიფე, პოლიტიკური კულტურა, მაგრამ რაც გააკეთეს ყველამ კარგად ნახა - არჩევნებში არმონაწილეობა, არჩევნების უგულებელყოფა, ზოგადად, დემოკრატიის უგულებელყოფა და საკუთარი ამომრჩევლის და მხარდამჭერების ნების გათვალისწინებაზე უარი. არ არის აუცილებელი ახალი ველოსიპედის გამოგონება, უნგრეთში ყურება, თუ რომელიმე სხვა სახელმწიფოში ყურება, უნდა დაიწყონ მარტივი რაღაცით, ელემენტარული საკითხით - არჩევნების პატივისცემა, არჩევნებზე გამოხატული პოზიციების პატივისცემა და საკუთარი მხარდაჭერების პატივისცემა. საუკეთესო გაკვეთილი, თუ რამე შეიძლება უნგრეთიდან გამოიტანონ, არის ის, რომ არჩევნების შედეგებს პატივს სცემს გამარჯვებულიც და დამარცხებულიც. სანამ სხვა სიღრმეებში შევიდოდნენ, მათ ვთხოვდი აქედან დაეწყოთ - ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების შედეგს, განურჩევლად იმისა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ამ ადამიანების და პოლიტიკური ძალების პოზიციები ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ისინი დიდი ხანია, გასულები არიან დემოკრატიული ჩარჩოდან. რეალურად, მათ აინტერესებთ ყველანაირი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ეს არ არის არც სახელმწიფოს ინტერესი, არც ჩვენი მოსახლეობის," - განაცხადა მახაშვილმა.