არავინ, ვინც გავრილოვს ზვიად გამსახურდიას სავარძელში ჩასვამს, არ იქნება ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი - ამის შესახებ 9 აპრილის გმირთა მემორიალთან ნიკა გვარამიამ განაცხადა.
"კოალიცის ცვლილებების" ლიდერის თქმით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომლის წევრებსაც ხალხი უსტვენს.
ამ დღეს აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა - ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა სწორედ ამ შენობაში. არავინ, ვინც გავრილოვს ზვიად გამსახურდიას სავარძელში ჩასვამს, არ იქნება ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი. ის, რაც აქ ვნახეთ, ნამდვილად უსიამოვნოა - ის, რომ საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც აქ არ მოესვლება ისე, რომ ხალხმა არ დაუსტვინოს. ძალიან მძიმე ამბავია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამასთან, ნიკა გვარამია გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩნდნენ“.
„მე მიმაჩნია, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი მზად არის, ხელისუფლებაში მოვიდეს და ქვეყანა წაიყვანოს ევროკავშირისკენ და 5-6 წელიწადში ქვეყანა გახადოს ევროკავშირის წევრი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. დანარჩენი პოლიტიკური გემოვნების საკითხია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც თავისუფალია, საკუთარი პოლიტიკური გემოვნება გამოხატოს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსია და აქვს უფლება, რომ პოლიტიკური ველის განახლება უნდოდეს. წარმატებას ვუსურვებ მას ამ საქმეში, თუ ის საჭიროდ თვლის ამას და თუ ამის შესაძლებლობები აქვს. კი ბატონო,“ - განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქ ლაივში“ მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ახალი პარტიების გამოჩენა საჭიროა. „საჭიროა, ახალი პარტიები უნდა გამოჩნდნენ, საზოგადოებაში ამის მოთხოვნაა,“ - აღნიშნა მან.