ჩვენ გვიწევს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ძალაუფლების კონსოლიდირება „ქართული ოცნების“ ხელშია. „ოცნება“ არაპროგნოზირებადი რეჟიმია და ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ძალაუფლების და ხალხისგან მოპარული ფულის შენარჩუნებას ნებისმიერი ფორმით ცდილობს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
ხვედელიანის თქმით, რა ნაბიჯებს გადადგამს „ქართული ოცნება“, ეს ნამდვილად სიახლე იქნება.
„ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ როგორც სჭირდებათ, ისე იქცევიან. ვხედავდით ორი ვადით არჩეულ პრემიერ ღარიბაშვილს, წლების განმავლობაში ვსაუბრობდით მის კორუფციულ ჩართულობაზე, მაგრამ „ოცნების“ წარმომადგენლებმა ამაზე რეაგირება მაშინ დაიწყეს, როცა კონკრეტულად მათ შეეხო. შესაბამისად, ტყუილია კორუფციასთან ბრძოლაც, რომელსაც „ოცნება“ აანონსებს. აქედან გამომდინარე, რა ნაბიჯებს გადადგამს კონკრეტული სუბიექტების მიმართ, ჯერ არ ჩანს, თუმცა ჩვენ ნებისმიერი მიმართულებით უნდა ვიყოთ მზად, რადგან ეს არაპროგნოზირებადი რეჟიმია და მათგან ყველაფერია მოსალოდნელი“, – აღნიშნა ხვედელიანმა.
ამასთან, მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ძალადობრივ აქციაზე მისვლით, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო იმ ყველაფერს, რაც 4 ოქტომბერს განხორციელდა და ამასთან დაკავშირებით შეკითხვები არ ისმის.
„რატომ არ ისმის შეკითხვები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, როცა სალომე ზურაბიშვილმა ძალადობრივ აქციაზე მისვლით, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო იმ ყველაფერს, რაც 4 ოქტომბერს განხორციელდა. იმ შეკითხვებს, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია, „ოცნება“ არ სვამს. „ოცნება“ მხოლოდ სვამს ისეთ კითხვებს, რომელიც მისი ფულისა და ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.