ერთი წელია ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ვერაფრით მოიპოვა ლეგიტიმურობა მცდელობებით, რომ ვიღაცებს ხელი ჩამოართვან, სადაც შეძლეს, ვერც იმით, რომ ვიღაცები შეიყვანეს პარლამენტში, ან აპირებენ შეიყვანონ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„26 ოქტომბრიდან ზუსტად 1 წელი გავიდა. 1 წელია ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ვერაფრით მოიპოვა ლეგიტიმურობა მცდელობებით, რომ ვიღაცებს ხელი ჩამოართვან, სადაც შეძლეს, ვერც იმით, რომ ვიღაცები შეიყვანეს პარლამენტში, ან აპირებენ შეიყვანონ პარლამენტში. ვერაფერი უშველის ამ რეჟიმს, რომელმაც დაამკვიდრა თავისი არალეგიტიმურობა, როდესაც ჩაატარა რუსული არჩევნების სცენარი.
1 წელი გავიდა, ერთი რუსული სცენარიდან მეორე რუსულ სცენარამდე. 4 ოქტომბერს რეჟიმმა სცადა ხალხი შეეტყუებინა აბსურდულ სცენარში, რომელიც მხოლოდ რუსულ სპეცსამსახურების ტვინში შეიძლება ყოფილიყო მოხარშული. ქართველი ხალხი ბრძენია, იცის, როგორ უნდა მიიყვანოს ეს ერთწლიან ბრძოლა ბოლომდე. რა გამოჩნდა 1 წლის განმავლობაში? გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხის მხარეს არის არნახული სოლიდარობა. საკმარისია ნახოთ, რა სისწრაფით გროვდება დახმარება ჯარიმებისთვის, რათა არავინ დარჩეს დაუცველი ამ უსამართლობის წინაშე. საკმარისია ნახოთ ყოველივე სასამართლოზე ადამიანები, რომლებიც იქ დგანან, მიდიან, არავის ტოვებენ მარტო. სამაგიეროდ, ამ რეჟიმის წარმომადგენლები როდესაც არიან ციხის წინ და სასამართლოზე, მარტო არიან, არავინ დგება მათ გვერდთ. არავინ უცხადებს სოლიდარობას, თუნდაც „ფეისბუქ“ პოსტებით. მარტო არიან, საზოგადოების მხარეს არის სოლიდარობა, თანაგრძნობა, რომელიც რეჟიმმა გამოაცხადა, როგორ არალეგალური, ნულოვანი თანაგრძნობაა. ხალხში არის ერთიანი ბრძოლა. ჟურნალისტები, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან ძალიან დიდი საფრთხეები წინაშე, დღეს ციხეში არიან. მზია ამაღლობელის სახელი, ყველა ჩვენი ჩვენი ჟურნალისტების სახელით საზღვრებს იქით გავიდა. არამხოლოდ ჟურნალისტები, ადვოკატები და იურისტები 1 წლის განმავლობაში სრულიად უანგაროდ ემსახურებიან სხვებს, ადამიანებს, რომლებიც უსამართლობის მსხვერპლი არიან. ეს არის ძალა საზოგადოების. პატრიოტიზმი ამ ხალხის მხარეს არის, რომელიც აქ დგას, ამ დროშების უკან. რეჟიმი არის რუსეთის მხარე, რომელსაც შემოჰყავს რუსული სანქცირებული გემი, შემოაქვს რუსული ნავთობი ნავთობი გადასამუშავებლად“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ფოტო: პუბლიკა