სირიაში დიქტატორ, ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები 5 ოქტომბერს გაიმართა.
არჩევნები არაპირდაპირი იყო, ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ, პარლამენტის 70 წევრი დანიშნა. კიდევ 140 აირჩიეს ამომრჩევლებმა ქვეყნის მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული საარჩევნო კომისიებიდან.
სირიის ერთპალატიანი პარლამენტის 210 წევრი ამომრჩევლებმა 30-თვიანი, განახლებადი ვადით აირჩიეს.
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთა 14 პროცენტს ქალები შეადგენდნენ, დაახლოებით 6 ათასი იყო; მათ განიხილეს დეპუტატობის 1570 კანდიდატი.
სირიის მთავრობა მიიჩნევს, რომ საყოველთაო არჩევნების ჩატარება „ჯერჯერობით შეუძლებელია ამომრჩეველთა ზუსტი რეგისტრაციის სირთულეების გამო“.
ამასთან, პარლამენტში 32 ადგილი ვაკანტური დარჩება, რომლებიც სამხრეთ პროვინცია ას სუვეიდას წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი, სადაც ივლისში დრუზებსა და ბედუინებს შორის შეტაკებები მოხდა, ასევე პარლამენტში ადგილებს ვერ დაიკავებენ ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ჰასაკისა და ჩრდილოეთ რაქას წარმომადგენლები, რომლებსაც ნაწილობრივ ქურთული სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) აკონტროლებენ. გარდამავალი მთავრობის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის 14-დან სამ პროვინციაში არჩევნები გადაიდო.
თავდაპირველად, არჩევნები 15-20 სექტემბრისთვის უყო დაგეგმილი თუმცა, საარჩევნო კომისიამ ლოგისტიკური მიზეზების გამო ოქტომბრის დასაწყისისთვის გადადო.