არც დანაშაულის მომზადებამდე, არც მისი მიმდინარეობისას და არც მას შემდეგ, არც ერთ უცხოელს, ბრიუსელის ბიუროკრატს, თუ ცალკეული ქვეყნების ოფიციალურ პირს არამცთუ არ დაუგმიათ ძალადობა და დანაშაული, არამედ არც კი გამიჯვნიან მას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ისმოდა მხოლოდ დანაშაულის მხარდამჭერი ლოზუნგები და ზოგადი, ცარიელი ფრაზები დემოკრატიისა და თავისუფლების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო ცინიკური ჩანდა იმ მასობრივი დანაშაულის ფონზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურებდა მთელი მსოფლიო.
„ჩვენ ვიხილეთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კოორდინირებული საინფორმაციო მხარდაჭერა, როდესაც სახეები, რომელთაც საზოგადოება კარგად იცნობს, აქვეყნებდნენ მსგავს ტექსტებს საქართველოსთან დაკავშირებით. ფაქტი იყო, რომ კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, რადგან ჩანდა, რომ გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალება წარუმატებელი მცდელობა იქნებოდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, არსებობს ჯგუფი, რომელსაც საქართველოს მიმართ მავნე ინტერესები აქვს. ისინი ცდილობენ ქვეყნის არევას და მის პაიკად გამოყენებას.
„როგორც ჩანს, იყო წინასწარ მომზადებული ტექსტებიც, რომელიც გარკვეული მომენტის შემდეგ დაიდო და, რომელსაც უნდა შეესრულებინა მაიდნის გარე წაქეზების ფუნქცია. ვხედავთ ერთი და იგივე სახეები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ძირს უთხრიდნენ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ვხედავთ მათ მუდმივ მცდელობებს, რომ ჩვენთან ვითარება არიონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ ვარდისფერი სათვალეები დიდი ხანია, მოიხსნა და ძალიან კარგად ხედავს, რა ბუნების არის ამ ადამიანების ყალბი მხარდაჭერა ქართველების მიმართ.
„არანაირი ემპათია, თანაგრძნობა, ინტერესი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მიმართ მათ არ აქვთ. ყველანაირი საუბარი თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე არის მათი მხრიდან ცარიელი სიტყვები. სინამდვილეში, ამის უკან დგას ძალიან ცივი გონებით გათვლილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები საქართველოს, როგორც ტერიტორიის და ქართველების, როგორც მხოლოდ ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ.
გუშინდელმა დღემ ბევრი რაღაც არათუ გამოააშკარავა, არამედ უალტერნატივოდ ცხადი გახადა. ბევრი საკითხი, რომელზეც მანამდეც მქონდა საუბარი და რომელზეც შეიძლება, კითხვებს პასუხი სჭირდებოდა, გუშინ ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცა, როგორც ქვეყნის შიგნით რადიკალების მხრიდან, ისე ქვეყნის გარეთ მათი მხარდამჭერების მხრიდან. პასუხი არის იმაში, რომ არსებობს ჯგუფი, რომელსაც საქართველოს მიმართ მავნე ინტერესები აქვს. ისინი ცდილობენ ჩვენი ქვეყნის არევას და მის პაიკად გამოყენებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.