რუსეთის ძალებმა ქალაქ ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმა იყო დრონებით და საავიაციო ბომბებით. დაზარალდა ქალაქის სამი რაიონი.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 1 და დაიჭრა 9 ადამიანი. დაზიანებულია 8 მრავალბინიანი და ამდენივე კერძო სახლი. ერთი საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ დაინგრა. დაზიანებულია სხვა შენობებიც. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 67 ათასზე მეტი აბონენტი.
მისი ცნობით, მტრის თავდასხმის შედეგად ქალაქის ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქ ლვოვზეც. მერის, ანდრიი სადოვის ცნობით, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. ქალაქზე შეტევისას რუსმა ოკუპანტებმა დრონებიც გამოიყენეს.