პაატა ბურჭულაძემ იმაზე იზრუნოს, რომ ხვალ რაიმე ძალადობა არ მოხდეს, ის არა მხოლოდ პასუხისმგებელია პოლიტიკურად, არამედ ოფიციალურად ხვალინდელი შეკრების ორგანიზატორიცაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძემ აქციის ორგანიზატორობა იურიდიულად გააფორმა.
„ქართული ოცნების“ პირობებში ხელისუფლების ყველა შტო გამართულად იმუშავებს 4 ოქტომბერსაც და 5-შიც. პაატა ბურჭულაძემ იმაზე იზრუნოს, რომ ხვალ რაიმე ძალადობა არ მოხდეს, თორემ, ის არა მხოლოდ პასუხისმგებელია პოლიტიკურად, არამედ ოფიციალურად ხვალინდელი შეკრების ორგანიზატორიცაა, მერიას წერილი მისწერა. წინა შემთხვევებში ორგანიზატორები არ ფიქსირდებოდნენ და ძალადობის შემდეგ ერთმანეთისკენ ხელს იშვერდნენ. ვაშაძემ თქვა, პარლამენტს წრე დავარტყათო, შემდეგ, მე რა შუაში ვარ, რატომ დამიჯერეთო. პაატა პურჭულაძე ხვალინდელი აქციის ორგანიზატორია და საკუთარი თავი დაიფიქსირა. რაც კი რაიმე მოხდება, პირველი პასუხისმგებელი იქნება, სხვაც, მათ შორის „ნაცმოძრაობა“, არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც თანაორგანიზატორები არიან. თუმცა, ბურჭულაძემ იურიდიულად ეს გააფორმა, როგორც საკუთარი პასუხისმგებლობა. ამიტომ, იმაზე იზრუნოს, რომ ხვალ რაიმე ძალადობას არ მოხდეს. რაც შეეხება მომავალს, ხვალ არჩევნებით საარჩევნო ციკლს ვასრულებთ, საპარლამენტო იყო, შემდეგ პრეზიდენტი ავირჩიეთ, ხვალ ადგილობრივ თვითმმართველობას ავირჩევთ. 2028 წლამდე, ქართულ სახელმწიფოს საშუალება ექნება, ამ ყალბი ისტერიის გარეშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასა და ტერიტორიულ გამთლიანებაზე ვიზრუნოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.