ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ნატო-ს ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრის შემთხვევაში რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩემი აზრით, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ტერიტორიის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი. და ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოჭრა მოხდება, მაშინ - რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიო გაფრთხილების შემდეგ - ასეთი გამანადგურებლის ჩამოგდების ვარიანტი „მაგიდაზეა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
19 სექტემბერს რუსულნა MiG-31-ის ტიპის სამმა გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო საზღვარი გადაკვეთა და ფინეთის ყურის თავზე 12 წუთის განმავლობაში იფრინა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეს დაარღვევენ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, განაცხადა, რომ ალიანსი საჰაერო სივრცის დამრღვევი თვითმფრინავების ან დრონების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებს მათ მიერ წარმოებული საფრთხის დონის შესახებ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით მიიღებს.