დანიის “ოლბორგის“ აეროპორტმა 25 სექტემბერს ღამით საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების გამო ფრენები დრონებით შეაჩერა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
დანიის ეროვნული პოლიციის განცხადებით, განვიოთარდა იგივე სცენარი, რომელსაც ადგილი ჰქონდა
რამდენიმე დღის წინ კოპენჰაგენის აეროპორტში, სადაც დრონების დაფიქსირების გამო ოთხი საათით ფრენები შეფერხდა.
პოლიციის ცნობით, ოლბორგის აეროპორტი კომერციული და სამხედრო ავიარეისებისთვის გამოიყენება.
Reuters -ის ცნობით, ჩრდილოეთ იუტლანდიის პოლიციამ აღნიშნა, რომ ოლბორგის აეროპორტთან ერთზე მეტი დრონი შენიშნეს.
პოლიციის მთავარმა ინსპექტორმა ესპერ ბეიგაარდ მადსენმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ იუტლანდიის პოლიციას დრონები არ ჩამოუგდია.
„ჩვენ ვერ შევძელით თავად დრონების ჩამოგდება, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ძალიან დიდ ტერიტორიაზე დაფრინავდნენ. ჩვენ ჯერ არ დაგვიკავებია დრონების ოპერატორები, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი, ცხადია, შეგროვებული ყველა მტკიცებულებისა და დაკვირვების შესწავლა იქნება,“ - განაცხადა მადსენმა.
აეროპორტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ოლბორგის აეროპორტის საჰაერო სივრცე ხელახლა გაიხსნა. ყველა დაგეგმილი რეისი დღეს დილით შესრულდება.
შეგახსენებთ, 22 სექტემბრის საღამოს, დანიისა და ნორვეგიის დედაქალაქების საჰაერო სივრცე უცნობმა დრონებმა დაარღვიეს, რამაც კოპენჰაგენისა და ოსლოს აეროპორტების სრული დახურვა გამოიწვია.