ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს სურს დიქტატურის გაფორმება, - ასე აფასებს „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" სურს ჩამოიშოროს გზიდან ის, ვინც მის წინააღმდეგაა.
"საზოგადოების თვალში ისინი პოლიტიკურად არიან განადგურებულები, მათ გამოავლინეს, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამ ყველაფერს არ აქვს - ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი და სარჩელი, რომელიც მიზნად ისახავს დიქტატურის გაფორმებას, პოლიტიკური პარტიების გაქრობას პოლიტიკური პროცესიდან და ეს მთავარმა მსაჯულმა ქართველმა ხალხმა დაინახა.
რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის შიში აქვს ქართულ ოცნებას - დარწმუნდა ქართველი ხალხი, რომ "ქართული ოცნება" არის მოძალადე ავტორიტარული რეჟიმი და ამის გამოძახილი იყო ის რეაქციებიც, რომელიც ჰქონდა ბატონ გორდულაძეს სრულიად არაადეკვატური და შეუსაბამო"- აცხადებს სიორიძე.