"4 ოქტომბრის სცენარსა და გეგმაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"4 ოქტომბერს რა შეიძლება მოხდეს - თქვენ ხომ ასე სვამთ კითხვას? სცენარსა და გეგმაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე. მეც იქ ვიქნები, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე. რომ ვამბობ, პაატა ბურჭულაძეა ორგანიზატორი-მეთქი, ეს არ ნიშნავს, რომ მე პასუხისმგებლობას ვირიდებ, არა, ნამდვილად. მე, ანა წითლიძე, აქტიურად ვარ ჩართული 4 ოქტომბრის ორგანიზებაში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დაემხოს. ახლა მეკითხებით, როგორ მშვიდობიანადო. თქვენ ვარდების რევოლუცია ჩემზე უკეთესად გახსოვთ, - მე პატარა ვიყავი და სკოლაში ვიყავი, მაგრამ თქვენ გახსოვთ. ზუსტად ისე, როგორც 2003 წელს გაიმარჯვა მართალმა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოქალაქეებმა, მშვიდად და წყნარად, ასე შეუძლია 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს გამარჯვება.
რა მოხდება 4 ოქტომბერს? ეს დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. მე ასე ვუყურებ, რომ საქართველოს მოქალაქეები, ქუდზე კაცი, - არანაკლებ 200 000-სა და მეტი, რაც თბილისის ქუჩებში არაერთხელ ყოფილა ევროპული მომავლის დასაცავად, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ თუ - ხაზს ვუსვამ ამას - თუ რეჟიმი გადაწყვეტს, რომ საქართველოს ერთი მოქალაქე მაინც დაჩაგროს, უმოწყალოდ სცემოს, გაიტაცოს, ან დააკავოს, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, რომ დაიცვან საქართველოს თითოეული მოქალაქე.
ამაში ვგულისხმობ იმას, რომ არავის დაკავების შესაძლებლობას არ მივცემთ. ეს 200 000 კაცი არ მისცემს ამ უკანონო დავალების შესრულების შესაძლებლობას გდდ-ს. როდესაც დავინახავთ, რომ ვიღაცას სცემენ, ერთ ორგანიზმად შეკრული საქართველოს მოქალაქეები, არ მისცემენ იმის შესაძლებლობას გდდ-ს, შსს-ს და ა.შ. რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე დაჩაგრონ," - აცხადებს ანა წითლიძე.