კაცთა შორის ფეხბურთში წლის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს, France Football-ის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენის“ ფრანგი თავდამსხმელი 28 წლის უსმან დემბელე გახდა. მეორე ადგილი „ბარსელონას“ ესპანელმა შემტევმა, ლამინ იამალმა დაიკავა.
დემბელე გახდა მეექვსე ფრანგი, რომელმაც წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო – აქამდე ტიტულს რაიმონ კოპა, ჟან-პიერ პაპენი, მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი და კარიმ ბენზემა დაეუფლნენ. დემბელე აქამდე არასდროს ყოფილა ნომინირებული „ოქროს ბურთისთვის“ მებრძოლ 30 ფეხბურთელს შორის
მან „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად „ოქროს ბურთის“ საანგარიშო პერიოდში საფრანგეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის თასი და საფრანგეთის სუპერთასი მოიგო. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 53 შეხვედრაში მან 35 გოლი გაიტანა.
2025 წლის „ოქროს ბურთის“ ათეული:
- უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი)
- ლამინ იამალი („ბარსელონა“, ესპანეთი)
- ვიტინია (პსჟ, პორტუგალია)
- მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“, ეგვიპტე)
- რაფინია („ბარსელონა“, ბრაზილია)
- აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო)
- კილიან მბაპე („რეალი“, საფრანგეთი)
- კოულ პალმერი („ჩელსი“, ინგლისი)
- ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, „მან.სიტი“, იტალია)
- ნუნუ მენდეში (პსჟ, პორტუგალია)
გათამაშების ორგანიზატორმა, France Football-მა ასევე გამოავლინა წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელიც. ზედიზედ მესამედ ეს ჯილდო „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, აიტანა ბონმატის ერგო.