22 სექტემბერს, გაერო-ში აშშ-ის ახალმა მუდმივმა წარმომადგენელმა, მაიკ უოლცმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი დაიცავს ნატო-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას და მათი ტერიტორიების ყოველ სანტიმეტრს. ამის შესახებ The Guardian იუწყება.
როგორც აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, „მხოლოდ ცხრა დღის წინ ეს საბჭო შეიკრიბა რუსეთის მიერ დიდი რაოდენობით სამხედრო დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის განსახილველად“.
მისი თქმით, ამის მიუხედავად, რუსეთმა „კვლავ დაარღვია ნატო-ს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცე“.
„შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები დაიცავენ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს სახიფათო მოქმედება“, - ხაზგასმით აღნიშნა ვალცმა.
მისი თქმით, აშშ რუსეთისგან „დეესკალაციის და არა ესკალაციის გზებს“ მოელის.
„ეს მოვლენა, რომელიც რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას მოჰყვა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთს ან კონფლიქტის ესკალაცია და მასში მეტი ქვეყნის ჩართვა სურს, ან სრული კონტროლი არ აქვს მათზე, ვინც მის გამანადგურებლებსა და დრონებს მართავს. ამგვარად, ორივე სცენარი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, - თქვა ვალცმა.
მან მოუწოდა რუსეთს, „შეინარჩუნოს საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება, პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტს და შეწყვიტოს მათი საჰაერო სივრცის დარღვევა“.
„და მე მოვუწოდებ რუსეთს, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინასთან ამ ომის დასასრულებლად“, - განაცხადა უოლცმა.