აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ისრაელში ჩავიდა, იუწყება სააგენტო France Press.
„რუბიო ისრაელში კვირას ჩავიდა“, - წერს სააგენტო.
Axios-ის ცნობით, რუბიო კვირას და ორშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრას გეგმავს, რათა განიხილონ ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ნაწილების შესაძლო ანექსია.
Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს მარკო რუბიოსგან გაარკვიოს, რამდენიმე დასავლური ქვეყნის მიერ პალესტინის აღიარების განზრახვაზე ისრაელის რომელ პასუხს დაუჭერს მხარს ამერიკის შეერთებული შტატები.
„ნეთანიაჰუს სურს რუბიოსგან გაარკვიოს, თუ რამდენად დიდი მანევრის სივრცეს მისცემს აშშ ისრაელს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე რეაგირების თვალსაზრისით, განსაკუთრებით დასავლეთ სანაპიროს ანექსიის საკითხთან დაკავშირებით“, - წერს გამოცემა.
აღნიშნულია, რომ ნეთანიაჰუ და რუბიო 14 და 15 სექტემბერს განიხილავენ ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ზოგიერთი ნაწილის ანექსიის შესაძლებლობას, რაც სექტემბერში დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მიერ პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ იქნება განხორციელებული.
გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება და რუბიოსთან შეხვედრის დროს სურს გაიგოს, დაუჭერს თუ არა მხარს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასავლეთ სანაპიროს ანექსიას.