უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არსებული მონაცემებით, რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა რუმინეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეში შეაღწია და მის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში დარჩა.
„დღეს რუმინეთმა საბრძოლო თვითმფრინავები ასწია მის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის გამო. ამჟამინდელი მონაცემებით, დრონმა რუმინეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე შეაღწია და ნატო-ს ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში მოქმედებდა. ასევე დღეს პოლონეთმა სამხედრო რეაგირება დაიწყო რუსული თავდასხმის დრონების საფრთხეზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ წინასწარი ინფორმაციით, შაბათს რუსეთმა ბელარუსის საჰაერო სივრცე გამოიყენა ვოლინის მიმართულებით უკრაინის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატის გასაშვებად.
„რუსეთის სამხედროებს ზუსტად ესმით, თუ სად არიან მიმართული მათი დრონები და რამდენ ხანს შეუძლიათ ჰაერში დარჩენა. მარშრუტები ყოველთვის გათვლილია. ეს არ შეიძლება იყოს შემთხვევითობა, შეცდომა ან ზოგიერთი დაბალი რანგის მეთაურის ინიციატივა. ეს რუსეთის მიერ ომის აშკარა გაფართოებაა და ზუსტად ამას აკეთებენ ისინი. თავიდან პატარა ნაბიჯებით და ბოლოს დიდი დანაკარგებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მოკავშირეებს მოუწოდა „პრევენციული ზომების მიღებისკენ, იმ პრინციპის საფუძველზე, რომ არ არსებობს მცირე სამხედრო საფრთხეები მათგან, ვინც მიჩვეულია სხვების დამოუკიდებლობისა და სიცოცხლის განადგურებას“.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებელია. რუსული ვაჭრობის წინააღმდეგ ტარიფები აუცილებელია. ერთობლივი დაცვაა საჭირო და უკრაინამ პარტნიორებს სწორედ ასეთი სახის დაცვის სისტემის შექმნა შესთავაზა. ნუ დაელოდებით ათობით „შაჰედს“ და ბალისტიკას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.