კახა კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ 23 წლის აქტივისტს, მეგი დიასამიძეს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
პროკურორმა საპატიმრო გირაოს შეფარდება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ საპატიმრო გირაო არ დააკმაყოფილა.
მეგი დიასამიძის თქმით, გადაიხდის თუ არა გირაოს, ჯერ არ იცის და ამ საკითხს ადვოკატებთან შეათანხმებს.
"გირაოს გადავიხდი თუ არა, ამას ადვოკატთან შევათანხმებ, მათთან გავივლი კონსულტაციას და ყველაფერი ისე მოხდება. როდესაც უშუალოდ ადვოკატები ვნახე დარბაზში, იქ მითხრეს შოთამ და მარიამმა-გირაოს ითხოვს პროკურატურაო. როცა გირაო მოითხოვეს, გავთავისუფლდებოდი თუ არა, არ მქონდა ინფორმაცია დ შესაბამისად, მოლოდინებიც არ მქონია.
პროკურატურის ბრალდებას და გამომძიებლების ბრალდებას ვერანაირად ვერ დავეთანხმები. არ დამიზიანებია და ვერანაირად ვერ დავეთანხმები, ცხადია. მედავებოდნენ ისეთ ფაქტს, რაც არც კი ვიცოდი, არც კი გამიკეთებია, წარწერა არ გამიკეთებია“, - განაცხადა მეგი დიასამიძემ.
საპატრულომ როცა გამაჩერა და გამომ ძიებლები მოვიდნენ, მითხრეს, ო, რა ხანია გაკვირდებით, თურმე ვინ ყოფილხარო, შემდეგ ორის საათის განმავლობაში, ერთმანეთს შორის საუბრობდნენ, შემდეგ ოქმი შეადგინეს და განყოფილებაში წავედით, როცა იქ მოვითხოვე კატეგიორულად, დავუკავშირდით ვინმეს, ან მე დამარეკინეთ ადვოკატთანთქო, გამომძიებელმა, გეგა ზარანდიამ მითხრა, რომ 3 საათი შეგვიძლია, არ დაგარეკინოთო, რაც ყოფილა ტყუილი და შემეძლო, მათთან დაკავშირება. ისეთ ფაქტს მედავებოდნენ, რაც არც კი გამიკეთებია, მთელი გზა ბორკილები მქონდა უკან და თურმე ყოფილა შესაძლებლობა, რომ ბორკილები მანქანაში საერთოდ არ მქონოდა. ვუთხარი, ხომ არ გავიქცევი მომხსნენით მეთქი, მაგრამ იმ კაცმა თავიდანვე განაცხადა, თუ მოითხოვა მოხსნა, არ გააკეთოთო", - განუცხადა მეგი დიასამიძემ ჟურნალისტებს.
23 წლის მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
ფოტო: "პულიკა"