ვლადიმირ პუტინმა მიიღო ის, რაც სურდა, როდესაც ალასკაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ უკრაინა იქ არ იყო, რადგან ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინს მისცა ის, რაც მას სურდა...
იცით, მას ძალიან სურდა პრეზიდენტ ტრამპთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა... და მე ვფიქრობ, რომ პუტინმა ეს მიიღო. და ეს სამწუხაროა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინისთვის მნიშვნელოვანი იყო ყველას ეჩვენებინა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის კადრები.
„პუტინს ჩემთან შეხვედრა არ სურს, მაგრამ მას ნამდვილად სურს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა, რათა ყველას აჩვენოს ვიდეოები და ფოტოები, რომ ის იქ იმყოფება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე.
უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პუტინი ყველაფერს გააკეთებს ამ შეხვედრის გადასადებად.
ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრის შესაძლებლობას, თუმცა თქვა, რომ ეს რუსეთის ტერიტორიაზე არ უნდა მოხდეს.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რომელთა მიღებაც ომის დასრულების შემთხვევაში ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეებისგან სურს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მხოლოდ უკრაინულ არმიაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული.
„ვფიქრობ, პრეზიდენტს [ტრამპს] ამ ომის დასრულება სურს. მაგრამ თუ სამართლიან და მუდმივ მშვიდობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ის დასრულდეს და არ ჰქონდეს შესაძლებლობა... რომ აგრესია კვლავ გამოავლინოს ექვსი თვის, ერთი წლის, ორი წლის შემდეგ.
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ომის შეჩერება. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფაც“, - თქვა მან.