რუსეთი პრეზიდენტ ტრამპთან უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდა, - ამის შესახებ შეერთებული შტატების ვიცე- პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ტელეარხ NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
ვენსის თქმით, ამერიკის პრეზიდენტი მოსკოვთან და კიევთან "ძალიან აგრესიულ, ძალიან ენერგიულ დიპლომატიას" აწარმოებს, რათა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დაასრულოს და კომპრომისული გამოსავლის პოვნა სცადოს.
"ვფიქრობ, რუსებმა პრეზიდენტ ტრამპთან მნიშვნელოვანი დათმობები გააკეთეს, რაც ამ კონფლიქტის 3.5 წლის განმავლობაში პირველად მოხდა", - თქვა ვენსმა. "ისინი სინამდვილეში მზად იყვნენ, მოქნილები ყოფილიყვნენ ზოგიერთ ძირითად მოთხოვნასთან დაკავშირებით".
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მოსკოვმა აღიარა, რომ "ომის შემდეგ უკრაინას ტერიტორიული მთლიანობა ექნება".
ვენსს არ დაუკონკრეტებია თუ რა ტერიტორიებზე სურს რუსეთის კონტროლის დამყარება, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ.
გარდა ამისა, მისი თქმით, "რუსეთმა აღიარა, რომ ისინი ვერ შეძლებენ კიევში მარიონეტული რეჟიმის დამყარებას".
"ისევ და ისევ, ყველა დათმობაზე წავიდნენ? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ჩვენ პროგრესს მივაღწევთ", - დასძინა მან.
ვენსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინაში არ იქნებიან, თუმცა ვაშინგტონი აქტიურ როლს შეასრულებს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.
"პრეზიდენტმა აგრესიული ეკონომიკური ზეწოლა გამოიყენა. მაგალითად, ინდოეთის წინააღმდეგ მეორადი ტარიფები, რათა რუსებისთვის ნავთობის ეკონომიკით გამდიდრება გართულებულიყო. მან სცადა ნათლად ეთქვა, რომ რუსეთის დაბრუნება მსოფლიო ეკონომიკაში შეიძლება, თუ ისინი მკვლელობას შეწყვეტენ. თუმცა, თუ მკვლელობას არ შეწყვეტენ, ისინი იზოლაციაში გააგრძელებენ ყოფნას", - თქვა ვენსმა.
მისი თქმით, ტრამპმა ომის შესაჩერებლად კრემლზე უფრო მეტი ეკონომიკური ზეწოლა მოახდინა, "ვიდრე ბაიდენმა სამი წლის განმავლობაში".
"საბოლოო ჯამში, ჩვენ ან წარმატებას მივაღწევთ, ან ჩიხში შევალთ. ხოლო თუ ჩიხში შევალთ, ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებისა და ზეწოლის პროცესს. ეს არის აქტიური დიპლომატია, რომელმაც უნდა დაასრულოს ეს ომი", - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მან გამოთქვა იმედი, რომ მოსკოვი არ ცდილობს უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად პროცესის შეფერხებას.