აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს უსახლკაროების ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონიდან შორეულ რაიონებში გადაყვანას და დამნაშავეების დაპატიმრებას. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
„უსახლკაროებმა [ვაშინგტონი] დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. ჩვენ გამოვყოფთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს. კრიმინალებო,თქვენ წასვლა არ დაგჭირდებათ. ციხეში ჩაგსვამთ, სადაც თქვენი ადგილია,“ - წერს ტრამპი.
ტრამპი ორშაბათს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს და „ვაშინგტონში ძალადობრივი დანაშაულის დასრულებას“ გამოაცხადებს.
ტრამპის პოსტში გამოქვერყნებილია კარვებისა და ნაგვით სავსე ვაშინგტონის ქუჩების ამსახველი ფოტოები.
„მე ჩვენს დედაქალაქს უფრო უსაფრთხოს და ლამაზს გავხდი, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, - თქვა ტრამპმა.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა პარასკევს განაცხადა, რომ ქალაქში დამატებითი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები გაიგზავნა მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციის ახალგაზრდა თანამშრომელზე ძალადობრივმა თავდასხმამ პრეზიდენტი აღაშფოთა.
ვაშინგტონის მერმა, დემოკრატმა მურიელ ბოუზერმა, კვირას განაცხადა, რომ დედაქალაქში „დანაშაულის ზრდა არ შეინიშნება“.
ბოუზერმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს, სურვილის შემთხვევაში, ეროვნული გვარდია განალაგოს.
ადმინისტრაციამ ეს ტაქტიკა ცოტა ხნის წინ ლოს-ანჯელესში იმიგრანტების საპროტესტო აქციების შემდეგ გამოიყენა, ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად.