რადგან ხანდახან ქართულენოვან რუსულ არხებსაც ვუყურებ აქ, რამდენიმე ტყუილზე დავწერ, რომლებსაც ავრცელებენ რეგულარულად, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
"რადგან ხანდახან ქართულენოვან რუსულ არხებსაც ვუყურებ აქ, რამდენიმე ტყუილზე დავწერ, რომლებსაც ავრცელებენ რეგულარულად:
1. ტყუილია, რომ დასავლეთი/ევროპა საქართველოსგან რაღაცებს ითხოვს (ამას აქეთ მხარესაც იმოერებენ ხოლმე)
- არავინ არაფერს არ ითხოვს ჩვენგან, კისერიც გვიტეხია, მეტი საქმე არ აქვთ, თავზე აყრია ყველას პრობლემები;
- ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ მიგვიღონ თავიანთ კლუბში (ევროკავშირში & ნატოში), რადგან ჩვენც გვინდა კარგი ცხოვრება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის;
- და რადგან ჩვენ ვთხოვთ რომ მიგვიღონ, ისინი გვეუბნებიან, რისი გაკეთებაა ამისთვის საჭირო, როგორ უნდა ვიქცეოდეთ (ცხვირში თითს არ ვიყოფდეთ) თუ ეს მართლა გვინდა. კოპენჰაგენის კრიტერიუმები ჰქვია იმას, რისი დაკმაყოფილებაც საჭიროა ჩვენი მხრიდან თუ გვინდა, რომ მიგვიღონ;
- კლუბში შესვლა თუ გინდა და კლუბის წესებში წერია, რომ დაბანილი უნდა იყო, გაპარსული, ჰალსტუხი გეკეთოს, ეს არ ნიშნავს, რომ კლუბი ითხოვს შენგან რაღაცებს, ეს ნიშნავს, რომ შიგნით მოხვედრა თუ გინდა, წესები უნდა დაიცვა.
2. ტყუილია, რომ შიდა საქმეებში ერევა დასავლეთი/ევროპა
- რადგან ჩვენ გვინდა იმათ კლუბში ყოფნა, რადგან გვინდა კარგი ცხოვრება, უსაფრთხოება, განვითარება, ნაკლები პრობლემები და ა.შ, ისინი ამოწმებენ, რამდენად ვაკმაყოფილებთ წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებს კლუბის წევრობისთვის.
- ანუ, როდესაც ევროპარლამენტი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს კანონის უზენაესობა, რომ მართლმსაჯულების სისტემა პოლიციზირებულია, რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტპატიმრები და ა.შ, ეს შიდა საუბრებში ჩარევა კი არა, ეს ქვეყნის შედარებაა იმ კრიტერიუმებთან მიმართებაში, რომლებსაც უნდა ვაკმაყოფილებდეთ თუ მათი კლუბის წევრობა გვინდა;
- კი, რამდენად ვაკმაყოფილებთ შესაბამის კრიტერიუმებს ამას აფასებენ დემოკრატიის ტრადიციის მქონე კლუბის წევრი ქვეყნები და კლუბის შესაბამისი ინსტიტუციები. აბა, ვინ უნდა შეამოწმოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხი? ბიძინამ? გრეჩიხამ? ხაინდრავამ? ფარცხალაძემ? მოროშკინამ? პაპუაშვილმა?
3. ტყუილია, რომ ვიღაც დიპსტეიტის მიერ მართული ბიუროკრატები ურევენ, თორემ ნამდვილი ევროპა ქოცრუსების მხარესაა
- მთავარი პოლიტიკური ორგანო ევროკავშირში არის ევროპული საბჭო, რომელიც შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პოლიტიკური პირებისგან. მათ ზემოთ აღარაფერია. ეგ სტრუქტურა განიხილავს ახლა უვიზო რეჟიმისა და სანქციების საკითხებს. ესენი არიან საკუთარ ქვეყნებში დემოკრატიულად არჩეული პირველი პირები, რომლებიც გამოხატავენ თავიანთი მოსახლეობის ნებას. ბიუროკრატები არიან ბაჩო და გური.
4. ტყუილია, რომ ევროკავშირს უნდა ტრადიციები წაგვართვას
- თუ სადმეა სამყაროში დაცული ტრადიციები და მრავალფეროვნება, ევროკავშირშია;
- ევროკავშირში არაერთი მართლმადიდებელი ქვეყანაა და არიან, არაფერი უჭირთ ტრადიციების დაკარგვის მხრივ;
- რუსეთის ტრადიციული მოკავშირე, მართლმადიდებლური სერბეთიც კი ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას;
- ახალგაზრდების წამება, წაქცეულის ცემა, გოგოების ცემა, ფეხმძიმე ქალთან სახლში შევარდნა, დაკავებულების ოჯახის წევრების კიბეებზე დაგორება, ნიღბებით სახლებთან ჩასაფრებები, მოხუც მშობლებთან რეკვა და დაშინება, ბელადის ტრაკის ლოკვა, მეგობრის მიტოვება და მტრის წინაშე ხოხვა - არაა ქართული ტრადიციები;
- კლუბის წევრობა (და კარგი ცხოვრება) თუ გვინდა ამ ქვეყანაში ყველას, ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ზუსტად იგივე უფლებები, რაც აქვს მამრობითი სქესის მართლმადიდებელ ჰეტეროსექსუალ ეთნიკურად ქართველს. არც მეტი, არც ნაკლები. მარტივია.
კი არ მჯერა, რომ რამეს გაიგებენ, მაგრამ საქმეც რომ არაფერი მაქვს სხვა…" - წერს ზურაბ ჯაფარიძე.