უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა და სტამბოლის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს აგვისტოს ბოლომდე ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის ჩატარება შესთავაზა.
უმეროვის თქმით, დელეგაციამ გამოკვეთა უკრაინის პრიორიტეტები, რომლებზეც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა.
„უკრაინა კვლავაც მოითხოვს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რაც რეალური უნდა იყოს“, – აღნიშნა უმეროვმა.
უმეროვის თქმით, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის შეხვედრა უკრაინული მხარის მოთხოვნით აგვისტოს ბოლომდე უნდა მოხდეს.
ამასთან, უმეროვმა დაამატა, რომ უკრაინამ ყურადღება გაამახვილა ჰუმანიტარულ მიმართულებაზე და კიევი მოელის, რომ სამხედრო ტყვეების გათავისუფლების მხრივ პროგრესი იქნება. უმეროვმა აღნიშნა, რომ უკრაინა აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების გათავისუფლების მოთხოვნასაც.