უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამართალდამცავი, უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა. მისი განცხადებით, ყველა თანხმდება კონსტრუქციულ მუშაობაზე.
ზელენსკიმ საუბარს „გულწრფელი და სასარგებლო“ უწოდა.
პრეზიდენტის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას გამართავენ სიღრმისეულ სამუშაო შეხვედრას.
ორ კვირაში კიმზად უნდა იყოს ერთობლივი გეგმა - რა ნაბიჯებია საჭირო უკრაინის გასაძლიერებლად და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, მეტი სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და უკრაინული საზოგადოების ინტერესების რეალურად დასაცავად.
„მადლობელი ვარ დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილის: უკრაინის უაფრთხოების სამსახურის, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს, პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის, კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს, სწრაფი რეაგირების ჯგუფის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურორის. გმადლობთ გუნდურად - უკრაინის გუნდურად მუშაობის მზადყოფნისთვის და უკრაინის ინტერესებისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა მხოლოდ კონსტრუქციულად იმუშავებს. ყველას გვესმის, რას ამბობს საზოგადოება. ჩვენ ვხედავთ, რას ელიან ადამიანები სამთავრობო ინსტიტუტებისგან თითოეული ინსტიტუტის სამართლიანობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.
ჩვენ განვიხილეთ საჭირო ადმინისტრაციული და საკანონმდებლო გადაწყვეტილებები, რომლებიც გააძლიერებს თითოეული ინსტიტუტის მუშაობას, მოაგვარებს არსებულ წინააღმდეგობებს და აღმოფხვრის საფრთხეებს. ყველა ერთად იმუშავებს, პოლიტიკურ დონეზე მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.