უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპროტესტო აქციების მიუხედავად, ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების მიხედვით, ფაქტობრივად დამოუკიდებლობას უზღუდავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს.
ახალი კანონი, რომელიც უკრაინის უმაღლესმა რადამ 22 ივლისს მიიღო, ქვეყნის გენერალურ პროკურორს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებებში.
კანონპროექტს რადაში მხარი 263-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგი იყო, ხოლო 13-მა მათგანმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
ახალი კანონპროექტით, ქვეყნის გენერალურ პროკურორს ენიჭება უფლებამოსილება, მითითებები მისცეს უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს. ამასთან, კანონპროექტი გენერალურ პროკურორს სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის ძალაუფლების სხვა პროკურორებზე დელეგირების საშუალებასაც მისცემს.
ამას გარდა, ახალი კანონპროექტით უკრაინის გენერალურ პროკურორს შეეძლება, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიებები დაცვის მხარის მოთხოვნით დახუროს.
როგორც უკრაინული მედია წერს, კანონპროექტში შეტანილი შესწორებები ხელს შეუშლის ორი სააგენტოს მხრიდან უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული პირების ან მთავრობის წარმომადგენლების საქმეების გამოძიებას.
ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი კანონპროექტს გამოეხმაურა.
როგორც ევროკომისარი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ამ უწყებების დამოუკიდებლობა არსებითია უკრაინის ევროინტეგრაციისთვის.
„სერიოზულად შეშფოთებული ვარ რადაში დღევანდელი კენჭისყრით. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის დაცვის მთავარი მექანიზმების გაუქმება არის სერიოზულად უკან გადადგმული ნაბიჯი. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის მსგავსი უწყებების დამოუკიდებლობა არსებითია უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის. კანონის უზენაესობა რჩება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ცენტრში“, – დაწერა მარტა კოსმა.
ამასთან, კიევში, ლვოვში, დნეპრიში, ოდესაში, ტერნოპოლსა და სუმიში კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები გაიმართა. მომიტინგეები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, ვეტო დაედოს კანონპროექტისთვის და შეშფოთებას გამოთქვამდნენ მთავრობის მიერ ანტიკორუფციულ სააგენტოებზე კონტროლის გამო.