აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი, ასევე ჰილარი კლინტონი, 2016 წლის არჩევნების მოპარვის მცდელობისთვის აგებენ პასუხს.
„ობამა, ბანდის ლიდერი, ბარაკ ჰუსეინ ობამა, გამოვიჭირეთ, მისი ხელმოწერები დოკუმენტებზეა. ბაიდენიც იქ იყო. ათასობით დოკუმენტი მოდის. ეს ობამას იდეა იყო, მაგრამ ჰილარისგანაც მოდიოდა. ჩვენ ისინი გამოვიჭირეთ!“ - განუცხადა მან თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ დადგა „პასუხისმგებლობის დრო“ იმ ადამიანებისთვის, ვინც მას დევნიდა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ობამას ხელმძღვანელობით „ბანდაში“ შედიოდნენ ბაიდენი და კლინტონი - „პრეზიდენტის ყოფილი ცოლი, ისეთივე ყალბი, როგორც სამდოლარიანი კუპიურა“.
„ჩვენ როცა ჰილარი კლინტონი გამოვიჭირეთ, მე ვთქვი, მოდი, არ წავიდეთ ძალიან შორს. ეს არის პრეზიდენტის ყოფილი ცოლი და მე ეს საშინლად მივიჩნიე, მაგრამ დროა, დავიწყოთ ის, რაც მათ ჩემ მიმართ გააკეთეს და სწორია თუ არასწორი, დროა, ეს ადამიანები ვდევნოთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გასაიდუმლოებული მასალები, რომლებიც ახლა გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ბარაკ ობამას ქმედებები „კრიმინალის ყველაზე მაღალ დონეზეა“.
„ეს იყო ღალატი. ისინი ცდილობდნენ არჩევნების მოპარვას. ისინი ცდილობდნენ არჩევნების დამალვას, ისინი აკეთებდნენ ისეთ რამეებს, რაზეც არავის უფიქრია, თუნდაც სხვა ქვეყნებში. არასდროს მომხდარა ასეთი რამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე დიდი სკანდალი“, – აღნიშნავს ამერიკის პრეზიდენტი.
გასულ კვირას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი ბარაკ ობამასა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს. გაბარდი მათ შეთქმულებაში ადანაშაულებს, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, რომ დონალდ ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთის ჩარევის შედეგი იყო. გაბარდის თქმით, ობამამ და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა „საფუძველი ჩაუყარეს მრავალწლიან სახელმწიფო გადატრიალებას“ ტრამპის წინააღმდეგ.