ევროპელებმა შეერთებული შტატებს უნდა მიბაძონ, თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ფედერაციას და იმ ქვეყნებს, რომლებიც მას ნავთობის შესყიდვით უჭერენ მხარს, 100%-იან ტარიფებს დაუწესებს. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა.
„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეიძენს რუსულ ნავთობს და სანქციების ქვეშ იმყოფება, დაექვემდებარება დამატებით გადასახადებს 100%-მდე.
„მე მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მიჰყვნენ ჩვენს მაგალითს, თუ ამ ტარიფებს შემოვიღებთ“, - განუცხადა ბესენტმა CNBC-ს ტარიფების შესაძლო შემოღების შესახებ კომენტირებისას.
მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ აშშ ჩინეთთან რუსული და ირანული ნავთობის შესყიდვის საკითხს განიხილავს.
ბესენტმა განაცხადა, რომ ეს იმის სიგნალი იქნება, რომ მოლაპარაკებების ფოკუსი შესაძლოა ვაჭრობიდან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე გადავიდეს.
მან დასძინა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაჭრობა კარგ მდგომარეობაშია.
„ახლა შეგვიძლია სხვა საკითხების განხილვა დავიწყოთ. სამწუხაროდ, ჩინელები სანქციების ქვეშ მყოფი ირანული ნავთობის და სანქციების ქვეშ მყოფი რუსული ნავთობის ძალიან დიდი შემსყიდველები არიან, ამიტომ შეგვიძლია ამაზე საუბარი დავიწყოთ“, - თქვა ბესენტმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კრემლს 100%-იანი "მეორადი ტარიფებით" დაემუქრა, რაც რუსული ნავთობის შემსყიდველ ისეთ ქვეყნებზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი.