გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული მიიჩნევს, რომ კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციის ცვლილებაში. ამის შესახებ ვადეფულმა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ვადეფულს ჰკითხეს, თუ რა როლი ითამაშა ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტის პუტინის მიმართ პოზიციის შეცვლაში.
„ფრიდრიხ მერცმა ამაში დიდი როლი ითამაშა, რადგან მან თავიდანვე ნათლად განაცხადა, რომ მხარს უჭერდა უკრაინას“, - უპასუხა მინისტრმა.
ვადეფულმა აღნიშნა, რომ მერცმა ამას ხაზი გაუსვა ოვალურ კაბინეტში ყოფნისას და ასევე განაგრძო ამ პოზიციის ხაზგასმა G7-ის სამიტზე პირადი მოლაპარაკებების დროს.
„ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპს დაურეკა და უთხრა, რომ აშშ-ის დახმარება ახლავეა საჭირო. ჩვენ შეგვიძლია გვიხაროდეს, რომ გერმანიის კანცლერმა აშშ-ის პრეზიდენტთან ასეთი გონივრული ურთიერთობა დაამყარა და რომ გერმანიის ხმა ვაშინგტონში კვლავ ისმის“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, 14 ივლისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ გაზრდის ევროპელი მოკავშირეებისთვის შეიარაღების მიწოდებას, ეს ქვეყნები კი იარაღს შემდგომ უკრაინაში გაგზავნიან. მან ასევე რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კრემლს 100%-იანი "მეორადი ტარიფებით" დაემუქრა, რაც რუსული ნავთობის შემსყიდველ ისეთ ქვეყნებზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი.