უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, რუსულ მხარეს მომავალ კვირას შეხვედრა შესთავაზა და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის.
„რუსულ მხარესთან გრძელდება მოლაპარაკებები გაცვლასთან დაკავშირებით - ჩვენ ვაგრძელებთ სტამბოლში ბოლო შეხვედრის შეთანხმებების შესრულებას. ამჟამად გუნდი კიდევ ერთ გაცვლაზე მუშაობს.
ასევე, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა უმეროვმა განაცხადა, რომ მან რუსულ მხარეს მომავალ კვირაში შემდეგი შეხვედრის ჩატარება შესთავაზა.
მოლაპარაკებების დინამიკა უნდა გაიზარდოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.
და რუსულმა მხარემ უნდა შეწყვიტოს გადაწყვეტილებებისგან თავის არიდება. ტყვეების გაცვლა. ბავშვების დაბრუნება. მკვლელობების შეწყვეტა.
და მშვიდობის რეალურად უზრუნველსაყოფად ლიდერების დონეზე საჭიროა შეხვედრა - ნამდვილად ხანგრძლივი. უკრაინა მზადაა ასეთი შეხვედრისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.