ივანიშვილის ნებით და მისი გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ მზად არის, დაასანქციროს 4 მილიონი ქართველი, რაც არის ამ ქვეყნის ნამდვილი ტრაგედია,-ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, თუ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდება, ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას დაეკისრება.
„უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ არის მხოლოდ და მხოლოდ მოგზაურობასთან დაკავშირებული დამატებითი ბარიერების შექმნა ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებისთვის, ეს ისტორიული, ტრაგიკული მოვლენა იქნება, რადგან თუ ასე მოხდა, ჩვენ ისევ დავემშვიდობებით ევროპულ ცივილიზაციას. ივანიშვილის გამო, სანქცირდება 4 მილიონი ქართველი. მთლიანად ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს დაეკისრება. იმის მაგივრად, რომ დასანქცირდეს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 15 წევრი, ივანიშვილის მთავარი მოკავშირე, ვიქტორ ორბანი ბლოკავს ამ სანქციების პაკეტს, ამის გამო, ივანიშვილი მიდის იმაზე, რომ 4 მილიონი ქართველი დაასანქციროს, ეს არის ბატონი ივანიშვილის ნება. ამაზე შეგუება ვისაც უნდა, შეეგუოს, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იმდენად დიდი დარტყმა იქნება საქარველოსთვის, იმდენად დიდი ცვლილების მომტანი იქნება ჩვენი საგარეო კურსის მიმართულებით, იმდენად შეიცვლება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიდგომა, რომ ბევრად უფრო მეტი აქტიურობა გვმართებს. ჩვენი პარტიის პოზიცია ყოველთვის იყო და არის, რომ უნდა დასანქცირდნენ „ქართული ოცნების“ კონკრეტული მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები, მაგრამ ივანიშვილის ნებით და მისი გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ მზად არის, დაასანქციროს 4 მილონი ქართველი, რაც არის ამ ქვეყნის ნამდვილი ტრაგედია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ივანიშვილის ცვლილება არის არა მხოლოდ ჩვენი სურვილი, არამედ აუცილებლობა“, - განაცხადა სანიკიძემ.
ამასთან ის ევროკომისიის წერილს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს.
ლევან სანიკიძის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად უდევს სამართლებრივი საკითხები.
„იმ 8 პუნქტში ასახულია ეს 8 სამართლებრივი მოთხოვნა. რაც შეხება პოლიტიკურ მოთხოვნას, დამერწმუნეთ, ამ ქვეყანაში არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, პოლიტპატიმრები რომ არ იყვნენ ციხეში, მედიას რომ არ დევნიდნენ და ასე შემდეგ, ეს საკითხი საერთოდ არ დადგებოდა, მათ შორის ის 8 პუნქტიც“,-განაცხადა სანიკიძემ.
შეგახსენებთ,ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, ბეატე გმინდერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, სადაც მოთხოვნილია, რომ კომისიას მიეწოდოს ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ან სათანადო ზომების მიღებას კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
კომისიამ გამოსცა არაერთი რეკომენდაცია, მათ შორისაა მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, ასევე შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ პირთა უფლებების სრული დაცვა.