სირიელმა სამხედროებმა სუვეიდიდან გასვლა დაიწყეს. იუწყება BBC.
ჯერჯერობით უცნობია, დაცულია თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. როგორც საერთაშორისო სააგენტოები აღნიშნავენ, სამხედრო განცხადებაში საუბარი იყო მხოლოდ არმიის დანაყოფების გაყვანაზე და არაფერი იყო ნათქვამი დრუზებთან შეტაკებაში მონაწილე სხვა ძალებზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ოთხშაბათს საღამოს განაცხადა, რომ კონფლიქტის მხარეები სისხლისღვრის დასრულებისკენ მიმართულ კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ ხუთშაბათს საღამოს სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ სირიის ცენტრალური ხელისუფლება დრუზების უმცირესობის უფლებების დაცვას თავის უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს და უარყოფს „გარე ძალების“ მცდელობებს, გამოიყენონ ეს საკუთარი ინტერესებისთვის.
„ჩვენ ომის შიში არ გვაქვს. მთელი ჩვენი ცხოვრება გამოწვევებზე რეაგირებასა და ჩვენი ხალხის დაცვას დავუთმეთ. თუმცა, სირიელების ინტერესებს ქაოსსა და განადგურებაზე მაღლა ვაყენებთ“, - ციტირებს Reuters სირიის ლიდერის სიტყვებს.
სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დამასკოზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.