აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყნებისთვის დაანონსებული საიმპორტო ტარიფები 9 ივლისის ნაცვლად, 1 აგვისტოს ამოქმედდება.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
ლევიტს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ტრამპის მიერ იაპონიისა და სამხრეთ კორეისადმი გაგზავნილ წერილებზე, რომლებშიც მან ამ ქვეყნებისთვის 25%-იანი ტარიფების დაბრუნება 1 -ელი აგვისტოდან გამოაცხადა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, უახლოეს დღეებში კიდევ ათეულობით ქვეყანა მიიღებს მსგავს წერილებს აშშ-ის პრეზიდენტისგან.
„დღეს პრეზიდენტი ასევე ხელს მოაწერს განკარგულებას, რომლითაც [ტარიფების დაბრუნების] 9 ივლისისთვის დადგენილი ვადა 1-ელ აგვისტომდე გადაიწევს“, - განაცხადა მან.
როგორც ლევიტმა დააკონკრეტა, ქვეყნებისთვის გაგზავნილ წერილებში მითითებული იქნება „ურთიერთსატარიფო განაკვეთები“, რომლებიც მათზე გავრცელდება, თუ სავაჭრო შეთანხმება არ დაიდება.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპმა ვერ მოახერხა დათქმულ დროში ყველა საჭირო სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება. მათი აზრით, პრეზიდენტი ამ დროს არსებული მოლაპარაკებების დასრულებისა და ბოლო შესაძლებლობების ათვისებისთვის გამოიყენებს.