ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, ჩინეთს შეუძლია რუსეთი დაარწმუნოს თავს დაესხას ნატო-ს ტერიტორიას. ამის შესახებ რუტემ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუტე მიიჩნევს, რომ თუ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ტაივანზე თავდასხმას გადაწყვეტს, ის ჯერ თავის პარტნიორს, რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს დაურეკავს და ნატო-ზე ყურადღების გადატანას სთხოვს.
„ის ეტყვის მას [პუტინს] „ჰეი, მე ამას ვაპირებ და მჭირდება, რომ ევროპაში მათი ყურადღება ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმით გადაიტანო. ალბათ ზუსტად ასე მოხდება. და მათ შესაკავებლად ორი რამ უნდა გავაკეთოთ.
პირველ რიგში, ნატო იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ რუსებმა ამის გაკეთება ვერასდროს გაბედონ.
მეორეც, ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან - ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ძალიან აქტიურად უწყობს ხელს. რადგან ჩვენ მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულება გვაქვს, ერთად ვმუშაობთ თავდაცვის ინდუსტრიაში, ინოვაციების სფეროში ნატოსა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს შორის,“ - განაცხადა რუტემ.
მანამდე რუტემ განაცხადა, რომ რუსეთი ზრდის თავის სამხედრო პოტენციალს და მზად იქნება ალიანსის წევრ სახელმწიფოებზე თავდასხმისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.