გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის Dragon Phoenix Wine Consulting წამყვან ღვინის მაგისტრებს ფოგი ვოლკერს (Fogyee Walker) და ედუარდ რაგს (Edward Ragg) შეხვდა.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩინეთში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება. ვფიქრობ, კოორდინირებული თანამშრომლობით შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
„ღვინის მაგისტრის საქმიანობაში მნიშვნელოვანია ემოცია, გულიდან წამოსული სიტყვები. მოუთმენლად ველი ღვინის რეგიონში, კახეთში სტუმრობას, რაც დარწმუნებული ვარ, დამეხმარება ქართულ ღვინოზე გულწრფელ საუბარში“, -განაცხადა ფოგი ვოლკერმა.
აღსანიშნავია, რომ ღვინის მაგისტრები ჩინეთის ბაზრისთვის მუშაობენ და ბაზრის ექსპერტული ანალიზის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრებოდა.
ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1.4 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 65%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ამჟამად ჩინეთში 40-მდე ქართული ღვინის სახლი, მაღაზია და სალონი მოქმედებს, ხოლო ღვინის ექსპორტს 100-მდე ქართული ღვინის კომპანია ახორციელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ქართული ღვინო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმოდგენილი იყო გამოფენებზე: ,,Fine Wine Hotel Exhibition”, „The China Food & Drinks Fair“, ,,RAW Wine Shanghai” და „Interwine China 2025“.