საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვმა ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების საკითხზე საქართველოში შვეიცარიის ელჩთან და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელთანაც ისაუბრა.
ლორენცო ამბერგი და ჰანსიორგ ჰაბერი ნალბანდოვმა საგარეო უწყებაში მიიღო.
შეხვედრებზე მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის უკიდურესი შეშფოთება 4 ნოემბერს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფელ ტირძნისიდან ოთხი მოზარდის გატაცებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობისა და ორგანიზაციების მრავალი მცდელობისა, რუს ოკუპანტებსა და მათ მარიონეტებს საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები დღემდე პატიმრობაში ჰყავთ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას, რის გამოც რუსეთის მხარის ამ მორიგ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით მკაცრი პროტესტი კიდევ ერთხელ გამოხატა.
ევროპელმა დიპლომატებმა გაიზიარეს საქართველოს მხარის შეშფოთება და აღნიშნეს, რომ ევროპული ქვეყნები და ევროკავშირი ახორციელებს მცდელობებს ქართველი მოზარდების გასათავისუფლებლად და იმედი გამოთქვეს, რომ ეს პრობლემა მოკლე ხანში მოგვარდება.