ლოს ანჯელესის ზოგიერთ რაიონში საპროტესტო აქციების გამო კომენდანტის საათი დაწესდა, თუმცა ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი რჩება.
ქალაქის ცენტრში მერის, კარენ ბასის ბრძანებით დაწესებული კომენდანტის საათი ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე ამოქმედდა და დილის 6 საათამდე გაგრძელდება და, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გასანს.
კარენ ბასის განმარტებით, ლოს-ანჯელესის ცენტრის ტერიტორია, სადაც კომენდანტის საათი იმოქმედებს, 1 კვადრატული მილია. ქალაქის საერთო ფართობი კი - 502 კვადრატული მილია.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ჯიმ მაკდონელის თქმით, ყველას, ვინც „კომენდანტის საათს“ დაარღვევს, დააპატიმრებენ.
ლოს ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა.
აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ხდება.
კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და ამ ბრძანების გაუქმებას ითხოვს. მისი თქმით, ტრამპის ქმედებები დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის.