კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის განცხადებით, ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლებს.
გუბერნატორმა ლოს ანჯელესში საპროტესტო აქციების ჩასახშობად ეროვნული გვარდიის გაგზავნის გადაწყვეტილებას „ამორალური“ და „არაკონსტიტუციური“ უწოდა.
„ეს ზუსტად ისაა, რაც დონალდ ტრამპს სურდა. მან ცეცხლი გააღვივა და ეროვნული გვარდიის ფედერალიზაცია უკანონოდ გადაწყვიტა. მის მიერ ხელმოწერილი ბრძანება მხოლოდ კალიფორნიას არ ეხება. ეს მას ნებისმიერ შტატში შესვლისა და იგივეს კეთების საშუალებას მისცემს. ჩვენ მას ვუჩივლებთ“, - წერს კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი X-ზე.
ლოს ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოსანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა.
კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და ამ ბრძანების გაუქმებას ითხოვს. მისი თქმით, ტრამპის ქმედებები დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის.
პოლიციის ცნობით, კვირას საპროტეტსო აქციებზე ლოს ანჯელესში 27 ადამიანი, ხოლო სან-ფრანცისკოში 60 ადამიანი დააკავეს.