აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საუბრისას უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარატამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის განცხადებაში.
რუბიომ ხაზი გაუსვა რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობას მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
ასევე აღნიშნულია, რომ რუბიომ და ბარომ განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის მიერ ჰამასის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევისადმი და ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების ან მოპოვების თავიდან აცილების საკითხი.
2 ივნისს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები შეთანხმდნენ მძიმედ დაჭრილი და ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურეების, ასევე ცხედრების გაცვლაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს, შეთანხმებების შესრულება ჭიანურდება. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ დაღუპულთა ცხედრების გადაცემა და სამხედრო ტყვეთა გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო.
უკრაინა უარყოფს რუსეთის ბრალდებებს პროცესის განზრახ გაჭიანურების შესახებ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ომში დაღუპულთა ცხედრების გადაცემასა და სამხედრო ტყვეთა გაცვლასთან დაკავშირებით ყველა ვალდებულება შეასრულეს და რუსეთს გაცვლისთვის საჭირო სიები გადასცეს, თუმცა რუსეთმა საპასუხოდ გასცა სიები, რომლებიც არ შეესაბამებოდა მიღწეულ შეთანხმებებს.