რუსეთმა ხარკოვის ცენტრზე მართვადი ბომბებით იერიში მიიტანა. დაიღუპა 30 წლის ქალი, რომელიც უკრაინის რკინიგზის თანამშრომელი იყო, დაშავებულია სულ მცირე 18 ადამიანი.
„ხარკოვზე კიდევ ერთმა საზარელმა თავდასხმამ ჩვენი თანამშრომლის სიცოცხლე შეიწირა, 4 რკინიგზელი დაშავდა. ჩვენი ხალხი საავადმყოფოში მათ გვერდითაა, რათა მაქსიმალური მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინონ. დარტყმა ხარკოვის ბავშვთა რკინიგზის - „მალაია იუჟნაიას“ საწარმოო ობიექტებთან და დეპოსთან ახლოს მოხდა. ადგილზე მოსაწავლეები და ვიზიტორები არ იმყოფებოდნენ. საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, თუ რა მოხდებოდა სხვა შემთხვევაში,“ - განაცხადა უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელმა ოლექანდრ პერცოვსკიმ.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის ცნობით, რუსებმა ოთხი მართვადი ავიაბომბით დარტყმები განახორციელეს ხარკოვის შევჩენკოსა და კიევის რაიონებზე.
ერთ-ერთი დარტყმა ბავშვთა რკინიგზაზე განხორციელდა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ბავშვთა რკინიგზის 2 შენობა და 4 ვაგონი, 2 კერძო სახლი და დამხმარე ნაგებობა.